ქათველ ძიუდოისტთა საფესტივალო მონაგარი: 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი

28 ივლისი 2017

4 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, გუნდური პირველი ადგილი - ასეთი ტრიუმფალური შედეგით დაასრულეს ჩვენმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი. მთელი ქართული დელეგაციის საფესტივალო მონაგარი ასევე ძიუდოსტებზე მოდის. სწორედ მათი ბრწყინვალე გამოსვლის შედეგია, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-8 ადგილზეა და უსწრებს გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, უკარაინას, პოლონეთს და  სხვა ქვეყნებს.

ძიუდოისტთა შეჯიბრების ბოლო დღე ყველაზე უხმოსავლიანი გამოდგა: ტატამზე 3 ქართველი სპორტსმენი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა: სოფიო სომხიშვილმა(+73 კგ) და მიხეილ ბექაურმა (90 კგ) ოქროსი,  ლევან ჭელიძემ (+100 კგ) - ბრინჯაოსი. 

სოფიო სომხიშვილმა თავიდან ფრანგი კრისტალ გარსია ვაზარით დაამარცხა, მეორე წრეში იპონით მოუგო გერმანელი ლეა სტეინი, ნახევარფინალში ასევე იპონით აჯობა ჰოლანდიის წარმომადგენელს მარიტ კამპსს, ფინალში კი 2 წუთსა და 28 წამში დაამარცხა ლიტველი ჯასტინა მიალაუსკაიტე.  სომხიშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტულს ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი დაუმატა.

სოფიო სომხიშვილი: „კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ეგრევე გადავერთე ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების პროცესში. ძალიან  მინდოდა აქ ოქროს მედლის მოპოვება და მე ეს შევძელი. ვიდრე ტატამზე გავიდოდი, ფეხები და კისერი მტკიოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გადამავიწყდა. ევროპის ჩემპიონატიდან ტრავმები გამომყვა, რამაც ფესტივალისთვის მზადებაში ხელი შემიშალა. მაგრამ დღეს მთავარი ის არის, რომ მე გამარჯვებული ვარ."

მიხეილ ბექაურმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ფესტივალზე.  ფინალამდე ბექაურმა საკვალიფიკაციო ეტაპზე  მან ლიტველ და კოსოვოვოელ მეტოქეებს აჯობა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ადილ კარიმლს 2 ვაზარით მოუგო, ფინალურ შეხვედრაში  სლოვაკი დენის ტურაკი 15 წამში დააიპონა და საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

მიხეილ ბექაური: „ყველაზე მძიმე ბრძოლა აზერბაიჯანელ მეტოქესთან მქონდა. კარგად ვიყავი მომზადებული და მიზანსაც მივაღწიე. ჩვენმა გუნდმა დიდი სამუშაო გასწია და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ეს მართლაც დიდი წარმატებაა."

 საქართველოს დელეგაციას მეშვიდე მედალი შემატა ლევან ჭელიძემ. მას ხელი მოეცარა ნახევარფინალში - მომავალ ჩემპიონ, უნგრელ რიჩარდ სიპოზთან შეხვედრაში, დანარჩენი  ბრძოლები კი დიდი უპირატესობით მოიგო, მათ შორის ბრინჯაოსთვის შეხვედრა სლოვაკ ტიმ კელცთან.