წარმატებული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოსთვის: 9 მედალი და გუნდური მე-11 ადგილი

29 ივლისი 2017

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციის მონაგარს კიდევ 2  ბრინჯაოს მედალი შეემატა. ეს მედლები მოიპოვეს კანოისტმა გია გაბედავამ და საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა.

გია გაბედავა 200-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობდა და ფინალურ გაცურვაში  მესამე შედეგი აჩვენა - 44.450 წამი. კანოე პირველად შეიტანეს ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში და სასიხარულოა, რომ ქართველმა ნიჩბოსანმა სადებიუტო ტურნირში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა ესპანელი მანუელ ფონტან სენორასი ( 43.380), ვერცხლის მედალს კი უნგრელი ბენედიქტ ჰორვატი (43.700) დაეუფლა.

პირად შეჯიბრებაში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, ჩვენი ძიუდოისტი ვაჟები გუნდური პირველობის ფავორიტებად ითვლებოდნენ. შეჯიბრებაში სულ 12 ნაკრები ჩაება. ქართველები პირველ წრეში ისვენებდნენ,  ბრძოლაში მეოთხედფინალიდან ჩაებნენ და ლატვიელებს იოლად მოუგეს - 5:0. ნახევარფინალში ჩვენი გუნდი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ესტონეთს 5:0 მოუგო. ბრინჯაოს მედლები მიიღეს აგრეთვე უნგრელმა ძიუდოისტებმა. ფინალში რუსებმა თურქებს 3:2 აჯობეს და ფესტივალის ჩემპიონები გახდნენ.

რუსებმა გაიმარჯვეს  საერთო გუნდურ ჩათვლაშიც. მათ გიორში  30 ოქრო, 19 ვერცხლი და 12 ბრინჯაო აიღეს. მეორე ადგილზეა იტალია (14-11-3), მესამეზე  - ფესტივალის მასპინძელი უნგრეთი (13-14-14).

საქართველოს გუნდს ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედლით საბოლოო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

წლევანდელი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სპორტის 10 სახეობაში ჩატარდა. 33 ქართველი სპორტსმენი 7 სახეობაში გამოდიოდა.  9-დან 8 მედალი ჩვენი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

 თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ უნგრეთში ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს თბილისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ფესტივალში 137 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა სპორტის 9 სახეობაში. მათ ჯამში ოქროს 4 და ბრინჯაოს 6 მედალი აიღეს და გუნდური მე-10 ადგილი დაიკავეს (9 მედალი, მათ შორის - ოთხივე ოქრო ჩვენს ძიდოისტებს ერგოთ, 1  ბრინჯაო - სპორტულ ტანმოვარჯიშეს).