გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

01 აგვისტო 2017

დღეს ფინეთის ქალაქ ტამპერეში დაიწყო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრების პირველ დღეს ქართველთაგან ხალიჩაზე გავიდნენ  ედემ ბოლქვაძე (60), ნიკა კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (96). ბოლქვაძე და კენჭაძე პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა. მან პირველი სამი შეხვედრა ისე მოიგო, რომ ქულაც არ დაუთმია: იაპონელი ტაკაში იშიგურო, უკრაინელი ოლექსანდრ ჰიმიშლი (26 წამში) და გერმანელი ილია მატუჰინი ვადაზე ადრე, თანაც ერთნაირი ანგარიშით - 10:0 დაამარცხა, ნახევალფინალში კი ასევე წმინდად, 12 ქულის უპირატესობით აჯობა ამერიკელ კოლინ მურს - 16:4. ფინალში მაჭარაშვილი რუს შამილ მუსაევს შეხვდა და ქულებით დამარცხდა - 2:7.

ხვალ ბრძოლაში ჩაებმებიან  55, 66, 84 და 120 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები.