პარიზი-2024, ლოს-ანჯელესი-2028

01 აგვისტო 2017

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს პარიზი უმასპინძლებს, 2028 წლისს ოლიმპიადა კი ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ თანხმობა განაცხადა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე. 

სექტემბერში ლიმაში გასამართ სოკ-ის სესიაზე, ფორმალურად, კენჭს უყრიან კანდიდატებს და ამის შემდეგ ოფიციალურად გმოცხდდება 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები _ პარიზი და ლოს-ანჯელესი.

სოკ-მა დღეს გამოაქვეყნა კონტრაქტის ტექსტი, რომელიც უნდა გააფორმოს  2028 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქთან და შესაბამის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან. ამ კონტრაქტის თანახმად, სოკ-ი  თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სასარგებლოდ თავს მოუყრის დაახლოებით 1,8 მილიარდი დოლარის კონტრიბუციას.

სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში ხელი მოეწერება სამმხრივ შეთანხმებას (სოკ-ი, პარიზისა და ლოს-ანჯელესის საგანაცხადო კომიტეტები), რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისათვის, ამ შეთამხმების რატიფიკაციას  კი მოახდენს  სოკ-ის მომავალი სესია.