საფრანგეთის პრეზიდენტმა IOC-ის სესიაზე გამგზავრება გადაიფიქრა

08 აგვისტო 2017

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გაემგზავრება ლიმაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 131-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად.

მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესი დათანხმდა უმასპინძლოს 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს, უკვე გადაწყვეტილია, რომ 2024 წლის ოლიმპიადა პარიზში ჩატარდება. ამდენად, პერუს დედაქალაქში 13 სექტემბერს დანიშნულ არჩევნებს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს და, შესაბამისად, პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია.

მაკრონი დაესწრო ივლისში ლოზანაში გამართულ IOC -ის რიგგარეშე სესიას, სადაც გადაწყდა, რომ 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები ერთდროულად გამოცხადდებოდა. საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის  მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი თომას ბახი კმაყოფილებით შეხვდნენ სესიაზე საფრანგეთის ლიდერის გამოჩენას. სწორედ ლოზანაში განაცხადა მაკრონმა, რომ აუცილებლად ჩავიდოდა ლიმაში პარიზის კანდიდატურის მხარდასაჭერად.

IOC -ის სესიაზე საფრანგეთის დელეგაციას უხელმძღვანელებენ სპორტის მინისტრი ლორა ფლესელი და პარიზის მერი ანი იდალგო. პრეზენტაციას წარმართავენ „პარიზი-2024"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები - ბერნარდ ლაპასე და ტონი ესტანრე.