ჰელსინკი-1952

19 აგვისტო 2017

65 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედლები მოიპოვეს საქართველოს სპორტსმენებმა - დავით ციმაკურიძემ,  რაფაელ ჩიმიშკიანმა და მზია ჯუღელმა. ეს მოხდა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, სადაც 1952 წლის ივლის-აგვისტოში  ჩატარდა  მე-15 ოლიმპიურ  თამაშები. მართალია, მაშინ ჩვენი სპორტსმენები ერთიან საბჭოთა გუნდში გამოდიოდნენ, მაგრამ სწორედ 1952 წლიდან იწყება ქართული სპორტის ოლიმპიურ გამარჯვებათა დიდი ისტორია.

ჰელსინკიში სულ 14 ქართველი ოლიმპიელი გამოდიოდა. მათ მოიპოვეს  3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი: დავით ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - I ადგილი, რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა) - I, მედეა (მზია) ჯუღელი (ტანვარჯიში) - I და II , ოთარ ქორქია (კალათბურთი) - II, ნოდარ ჯორჯიკია (კალათბურთი) - II, ლევან სანაძე (მძლეოსნობა) - II, ნადეჟდა ხნიკინა (მძლეოსნობა) - III, ნინო დუმბაძე (მძლეოსნობა) - III, ელენე გოკიელი (მძლეოსნობა) - IV ადგილი ნახევარფინალში, ავთანდილ ღოღობერიძე (ფეხბურთი) - მერვედფინალი, ავთანდილ ჭკუასელი (ფეხბურთი) - მერვედფინალი, ოთარ დადუნაშვილი (ველოსპორტი) - მეთექვსმეტედფინალი, აკაკი მეიფარიანი (ფარიკაობა) - II წრე, ვლადიმერ ლავრინენკო (ცურვა) - XXV.