რევაზ ნადარეიშვილის და რობერტ კობლიაშვილის ბრინჯაო

22 აგვისტო 2017

პარიზში  მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს რევაზ ნადარეიშვილმა  (98კგ) და რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ნადარეიშვილმა სტარტზე ჩეხი მეტოქე არტურ ომაროვი 5:3 დაამარცხა, მერე კი კორეელ გუ ჰაკბონს 4-2 მოუგო. 1/4 ფინალში ჩვენი ფალავანი სომხეთის წარმომადგენელს, ოლიმპიური ჩემპიონს არტურ ალექსენიანს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 2-6 დამარცხდა, რის შემდეგაც დამამშვიდებელ ჯგუფში გადაერთო. აქ ნადარეიშვილმა ჯერ ირანელი საიდმუსტაფა სადეჰიზადეს ბოლო ქულის უპირატესობით მოუგო,  ბრინჯაოს მედლისთვის კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს დაუპირისპირდა და 3-1 აჯობა. ამ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არტურ ალექსენიანს  ერგო.

საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი რობერტ კობლიაშვილმა (85) მოუტანა. მან პირველ წრეში  ავსტრიელი ამერ ჰრუსტანოვიჩი 2-1 დაამარცხა, მეორე წრეში კი პოლონელ თადეოზ მიქალიკს  4-0 აჯობა. მეოთხედფინალში ჩვენი მოჭიდავე თურქეთის წარმომადგენელს,  მეთეჰან ბაშარს დაუპირისპირდა და ამჯერად თავად დამარცხდა. ე.წ. სანუგეშო წრეში კობლიაშვილმა ბულგარელი ნიკოლაი ბაირიაკოვი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რობერტის  მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე  ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე უნდა ყოფილიყო, რომელიც ფეხის ტრავმის გამო არ გამოცხადდა ლეიბზე და ჩვენი ფალავანი უბრძოლველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

დღესვე მსოფლიო ჩემპიონატის მედლისთვის ბრძოლაში კიდევ ორი ქართველი ასპარეზობდა. 75კგ წონით კატეგორიაში მინდია წულუკიძე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ზედიზედ სამი შეხვედრა ინდოელ, ამერიკელ და ფრანგ მეტოქეს მოუგო. 1/4 ფინალში კი ბელარუს კაზბეკ კილოუსთან დამარცხდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. დღეს ასევე ახალ წონით კატეგორიაში (71) ასპარეზობდა რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე, რომელიც პირველივე შეხვედრაში ირანის წარმომადგენელ გერეისთან ანგარიშით 2-3 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.

ხვალ  მედალოსნები გამოვლინდებიან ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარჩენილ 4 წონაში: 59კგ-ში ლაშა მარიამიძე იჭიდავებს, , 66კგ-ში - ევროპის პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი, 80კგ-ში - ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და 130კგ-ში - ევროპის პრიზიორი ლევან არაბული.