გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

25 აგვისტო 2017

პარიზში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული სპორტისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - 125 კგ წონით კატეგორიაში პლანეტის უძლერესი ფალავანი გახდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 10:8 დაამარცხა ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული. არსენ მეკოკიშვილისა და დავით გობეჯიშვილის შემდეგ, პეტრიაშვილი მესამე ქართველია, ვინც თავისუფალ ჭიდაობაში მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი  გენო პეტრიაშვილი სულ ოთხჯერ გავიდა პარიზის ხალიჩაზე და ფინალამდე ყველა მეტოქეს წმინდად მოუგო: რუს ანზორ ხიზრიევს _ 13:2, კანადელ კორეი ჯავრისის - 10:0, სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს - 12:2.

პეტრიაშვილ-აკგულის საჩემპიონო ბრძოლა უაღრესად საინტერესოდ წარიმართა. პირველ წუთებში აკგული 4 ქულით დაწინაურდა, მერე პეტრიაშვილმა იძალა - ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი თავად გავიდა წინ 4 ქულით _ 8:4. თურქმა შეძლო ძალების მოკრება და ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ბოლო წამებზე გენო ეფექტური 2-ქულიან გდებით წინ გავიდა, ანგარიშით 10:8 გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს მეორე მედალი მოუტანა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ის ახალ,  61კგ წონაში პირველად გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამჯერად  ბრინჯაოს მედალი ერგო. ხინჩეგაშვილმა პირველ ორ მეტოქეს იოლად გაუმკლავდა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო (3:5) და რეპეშაჟში გადაერთო. აქ ლადომ ჯერ ამერიკელ ლოგან ჯეფრი სტიებერს აჯობა, ბრინჯაოსთვის დაპირისპირება კი თურქ ჩინგისხან ერდოღანს 3:0 მოუგო.

დღეს კიდევ 2 ქართველი მოჭიდავე ასპარეზობდა: 57 კგ წონაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ  თურქ სულეიმან ათლისთან შეხვედრა  8:8 დაასრულა, მაგრამ ბოლო ქულის უპირატესობით გამარჯვება თურქს მიეკუთვნა. დავით ხუციშვილიმა (86 კგ) სასტარტო ბრძოლა კი მოიგო, მაგრამ 1/8-ფინალში აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

26 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს  მედლები კიდევ  ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ქართველთაგან  იჭიდავებენ ზურაბ იაკობიშვილი (65), ზურაბ ერბოწონაშვილი (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97).