ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

26 აგვისტო 2017

23 წლის მცხეთელმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ბრწყინვალედ ისაპარეზა ჩეხეთის ქალაქ რასიცეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე - მან ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 38,439 წამში დაფარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს არის საუკეთესო შედგი ქართული კანოეს ისტორიაში. ზაზა მსოფლიოს ჩემპიონს, ბელარუს არტიომ კოზირს 0.278 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილზე გავიდა ირანელი ადელ მოჯალალიმოჰადამი - 38.605.

შარშან, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილის დაკავების შემდეგ, ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს უძლიერეს სპრინტერთა შორის დაიმკვიდრა ადგილი, განსაკუთრებულ წარმატებას კი წლევანდელ სპორტულ სეზონში მიაღწია: ჯერ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მეორე შედეგი აჩვენა, მერე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ბოლოს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.