ორი ჩემპიონი და ერთი პრიზიორი

26 აგვისტო 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების ბოლო დღეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), რომელმაც ოთხი უმძიმესი შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად მეტოქეთა მედგარი წინააღმდეგობისა, ყველა ბრძოლა მოიგო.

იაკობიშვილი ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაერთო და ინდოელ ბაირანგ ბაირანგს ერთი ქულით აჯობა - 6:5.  მომდევნო წრეში ჩვენი ფალავანი თურქ მუსტფა კაიას დაუპირისპირდა, შეხვედრის მიწურულს მეტოქე ლეიბზე დასცა, შებოჭა და  წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ყველაზე დრამატული გამოდგა იაკობიშვილისა და რუსეთის ნაკრების წევრის ალან გოგაევის ნახევარფინალური ორთაბრძოლა, რომელიც 3:3 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულის უპირატესობით გამარჯვება ჩვენს მოჭიდავეს მიენიჭა. გადამწყვეტ შეხვედრაში იაკობაშვილმა 3:1 დაამარცხა პოლონეთის ნაკრების წევრი მაგომედმურად გაჯიევი და კარიერაში უმნიშვნელოვანესი ტიტულის მფლობელი გახდა.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდათ ზურაბ ერბოწონაშვილს (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ), მაგრამ ისინი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდნენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს ორი და ბრინჯაოს ერთი მედალი მოიპოვეს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა.