მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი

27 აგვისტო 2017

ხვალ ბუდაპეშტში იწყება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. მედლებისთვის იბრძოლებს 136 ქვეყნის 800-მდე სპორტსმენი.  მათ შორის იქნება საქართველოს 15 ძიუდოისტი. კაცთა პირად შეჯიბრებაში გამოვლენ: 60 კგ - ამირან პაპინაშვილი, 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, 81კგ - ზებედა რეხვიაშვილი, 90 კგ - ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი, 100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კგ - გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი. ქალთა ტურნირში ჩაებმებიან: 57 კგ - მარიამ ჯანაშვილი და 70 კგ - ნინო ოძელაშვილი.

 გუნდურ ჩემპიონატში ჩვენს ნაკრებს შეავსებენ ლაშა გიუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ესტერ სტამი და ელენე ქებაძე.

პირადი ტურნირი 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბრამდე გასტანს, 3 სექტემბერს კი გაიმართება გუნდური შეჯიბრება ახალი ფორმატით: თოთოეულ ნაკრებში 3-3 ქალი და ვაჟი შევა. ამავე ფორმატით 2020 წელს ტოკიოში ასევე პირველად გათამაშდება ოლიმპიური მედლები.

მსოფლიოს ჩემპიონატს წინ უძღოდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონგრესი. ფედერაციის პრეზიდენტად მეოთხე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს მარკუს ვიზერი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყოლია. ვიზერი ამ ორგანიზაციას 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. კონგრესზე აირჩიეს აგრეთვე აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა.

გამოცხადდა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პარტნიორი გახდა ტელეკომპანია CNN, რომელიც იზრუნებს ძიუდოს პოპულარიზაციისთვის.

კონგრესზე გადაწყდა, რომ მომავალი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მიიღებს მსოფლიო რეიტინგის 18-18 საუკეთესო ძიუდოისტი ქალთა და ვაჟთა შორის. ამას გარდა, განაწილდება 20 ე.წ. ველური ბარათი გენდერული ბალანსის გარეშე. საოლიმპიადო სარეიტინგო ქულების ათვლა დაიწყება 2018 წლის 25 მაისს ხუხ-ხოტოს (ჩინეთი) გრან-პრიდან და დასრულდება 2020 წლის 20 მაისს ბაქოს დიდი სლემით.