„პიონჩანგ-2018" - სოკ-ის საკოორდინაციო კომისია კმაყოფილია

31 აგვისტო 2017

პიონჩანგი მზად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მისაღებად და ღირსეულად ჩასატარებლად - ასეთია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის შეფასება, რომელიც სამდღიანი საინსპექციო ვიზიტის შემდეგ გაკეთდა. ეს იყო სოკ-ის კომისიის მეცხრე და ბოლო ვიზიტი ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქში.

„ჩვენ სამი დღის განმავლობაში დეტალურად გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს და დავრწმუნდით, რომ პიონჩანგი მზად არის უმასპინძლოს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, - განაცხადა სოკ-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ გუნილა ლინდბერგმა, - ჩვენ უშუალოდ ვნახეთ შედეგები, რომლებიც მიღწეულია შეჯიბრებების ადგილებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, ასევე გავეცანით გეგმას ოლიმპიადის გულშემატკივრების შემდგომი ჩართულობის შესახებ. მართალია, უახლოეს თვეებში ზოგიერთი რამ უნდა დაიხვეწოს, მაგრამ ცხადია, რომ საორგანიზაციო კომიტეტი კარგად  უძღვება საქმეს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების წარმატებით ჩასატარებლად."

„პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ლი ჰი-ბომმა ხაზი გაუსვა ზამთრის ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამხრეთ კორეისთვის და მთელი რეგიონისთვის: „მხოლოდ162 დღე რჩება ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ფინალური შტრიხი შევიტანოთ თამაშებში. ჩვენ ვუსმენთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ვითვალისწინებთ მათს შენიშვნას და რჩევას. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საუკეთესო ოლიმპიური თამაშები და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ კორეა არის გლობალური ლიდერი სპორტში და ზამთრის სპორტის ახალი ჰაბი აზიაში".