უშანგი მარგიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

01 სექტემბერი 2017

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე  დღეს საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა უშანგი მარგიანმა (90 კგ), რომელმაც სამედლო ბრძოლაში 2 ვაზარით აჯობა ევროპის მოქმედ ჩემპიონს, სერბ ალექსანდრ კუკოლს.

90 კგ წონით კატეგორიაში მარგიანთან ერთად გამოდიოდა ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი. მან პირველ მეტოქეს, ყირგიზ აზამატ ბეკტურსუნოვს 53 წამში იპონით მოუგო,  მერვედფინალში კი  სლოვენიელ მიხაელ ჟგანკს შეხვდა. მეორე წუთზე მსაჯებმა მეტად საეჭვო და ჩვენთვის სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღეს:   მეტოქის წამოწყებულ ილეთზე ბექას საპასუხო  ვარდნა  ჯანმრთელობისთვის საშიშ და წესებით აკრძალულ მოძრაობად ჩთვალეს და ქართველი მოჭიდავე ჩემპიონატიდან მოხსნეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო.

რაც შეეხება უშანგი მარგიანს, მან ჩემპიონატი ბოსნია ჰერცეგოვინელი ტონი მილეტიჩის ძლევით დაიწყო, მერე  ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადის და ჩეხ დავიდ კლამერს მოუგო, მეოთხედფინალში  კი მომავალ ჩემპიონთან, სერბ ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში დამარცხდა.

ამის შემდეგ 23 წლის მარგიანმა კიდევ ორი შეხვედრა გამართა და ორივე მეტოქეს დამაჯერებლად, 2-2 ვაზარით  სძლია: აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს რეპეშაჟის პირველ ეტაპზე აჯობა, სამედლო ბრძოლაში კი, ბევრისთვის მოულოდნელად, იოლად გაუმკლავდა ევროპის წლევანდელ ჩემპიონს, რეიტინგის ლიდერს, სერბ ალექსანდრ კუკოლს.

ხვალ, პირადი ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბუდაპეშტის ტატამზე გავლენ ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).