ცვლილებები წონით კატეგორიებში და ორდღიანი ფორმატი დამტკიცდა - UWW-ს ბიუროს შედეგები

01 სექტემბერი 2017

პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ UWW-ს (ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება) ბიუროს სხდომაზე ახალი წონით კატეგორიები დამტკიცდა.

8 წონითი კატეგორიას დაემატა 2 და 2018 წლიდან ევროპის, მსოფლიოსა და სხვა დანარჩენ ჩემპიონატებზე თითოეულ სტილში 10 კატეგორია იქნება, მხოლოდ ოლიმპიური წონების რაოდენობა დარჩა უცვლელი - 6. 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეიცვალა ოლიმპიური წონები, ტოკიო-2020-ში შეხვედრები 60, 67, 77, 87, 97 და 130 კატეგორიებში გაიმართება, არაოლიმპიური წონითი კატეგორიები კი ოთხამდე გაიზარდა 55, 63, 72 და 82.

თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური წონები არ შეცვლილა _ 57, 65, 74, 86, 97 და 125, მაგრამ დაემატა კიდევ ორი არაოლიმპიური კატეგორია, 61 და 70 კგ-ს მიემატება 79 და 92 კგ.

ქალთა ჭიდაობა ოლიმპიადაზე 50, 53, 57, 62, 68 და 76 კგ კატეგორიებში იქნება წარმოადგენილი, არაოლიმპიური კი 55, 59, 65 და 72 კგ.

ახალგაზრდებისა და 23-წლამდელთა შეჯიბრებები იგივე წონით კატეგორიებში გაიმართება. 

ასევე დამტკიცდა შეჯიბრების ორდღიანი ფორმატი, 2018-წელს მეორე დღეს დაშვება +2 კგ იქნება, თუმცა 2019 წელს უკვე წონითი დაშვება აღარ იმოქმედებს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თითუეულ წონაში 16 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, 6 ლიცენზია მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 კონტინენტურ საკვალიფიკაციო და კიდევ ორიც  მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირებზე გათამაშდება. ოლიმპიურ წელს გაიმართება კონტინენტური ჩემპიონატებიც. უკვე ცნობილია, რომ ევროპის პირველობას კასპიისკი (დაღესტანი, რუსეთი) უმასპინძლებს.

სკოლის ასაკის და ჭაბუკთა კატეგორიებიც დამტციკებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს UWW.

ყველა გაფრთხილება 2018 წლიდან 1 ქულით შეფასდება. 

თავისუფალი ჭიდაობა: 57-61-65-70-74-79-86-92-97-125

ქალთა ჭიდაობა: ​50-53-55-57-59-62-65-68-72-76

ბერძნულ-რომაული55-60-63-67-72-77-82-87-97-130

wrestling.ge