ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოში მეორეა

02 სექტემბერი 2017

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირადი შეჯიბრება სამი მედლით დაამთავრა_ ვაჟა მარგველაშვილისა (66 კგ) და უშანგი მარგიანის (90 კგ) ბრინჯაოს მედლებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანის (100 კგ) ვერცხლი დაემატა. რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორისა და ევროპის სამგზის ჩემპიონისთვის  ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე აღებული მეოთხე მედალია (2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).

ფინალამდე ლიპარტელიანმა 5 მეტოქეს აჯობა: კოტდივუარელ კოფი კრიმ კობენას, ალჟირელ ლიე ბოიაკობს, ლატვიელ ევგენის ბოროდავკოს, რუს კირილ დენისოვს და აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს. ამათგან ყველაზე გამოცდილნი და ტიტულოვანნი არიან დენისოვი და მამადოვი. რუსი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 5 მედალს ფლობს, მამადოვმა  მსოფლიოს ჩემპიონატი 2013 წელს მოიგო, წლეულს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ჩვენმა ფალავანმა ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო და  ფინალში 21 წლის იაპონიის ჩემპიონს, არონ ვოლფს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა. დამატებითი რაუნდი ახალი დაწყებული იყო, როცა ლიპარტელიანი წამით მოდუნდა და ვაზარზე დაეცა. სამწუხაროდ, ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატის 6 შეხვედრაში დაშვებულმა ერთადერთმა შეცდომამ ვარლამ ლიპარტელიანს საშუალება არ მისცა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულიყო.

მძიმე წონაში ორი ქართველი იბრძოდა - ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტები: გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი.

22 წლის თუშიშვილმა წლეულს, აპრილში  ვარშავაში ძალზე ეფექტურად მოიგო კონტინენტის ჩემპიონატი და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ყველანი ინტერესით ელოდნენ მისი და ლეგენდარული ტედი რინერის შესაძლო დაპირისპირებას ბუდაპეშტის ტატამზე. თუშიშვილი და რინერი ნახევარფინალში დაწყვილდნენ.

მანამდე ჩვენმა ფალავანმა აშკარა უპირატესობით მოიგო 3 ბრძოლა: აზიის წლევანდელი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი სუნგ მინ კიმი წუთსა და 19 წამში შებოჭა, კუბელ ალექს გარსია მენდოზას ვაზარით აჯობა, ავსტრიელი დანიელ ალერშტოფერი კი 9 წამში დააიპონა.

მერე იყო თუშიშვილ-რინერის ძალზე საინტერესო დაირისპირება. ძირითადი 4 წუთი უილეთოდ დასრულდა, თუმცა თუშიშვილი უფრო აქტიური ჩანდა. „ოქროს დროში" ფრანგმა გოლიათმა ვაზარი აიღო და მეცხრედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

 რეპეშაჟის ფინალში თუშიშვილი  2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, მონღოლი ნაიდან ტუვშინბაიარის წინააღმდეგ საბრძოლველად ვერ განეწყო, შებოჭვით წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა. უფრო ადრე, რეპეშაჟის ნახევარფინალში ასევე მონღოლთან დამარცხდა ადამ ოქრუაშვილი.  მას ამჯერად მე-7 ადგილი ერგო.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 3 სექტემბერს გათამაშდება გუნდური მედლები (გუნდში 3-3 კაცი და ქალია). დღეს გამართული კენჭისყრით 21 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრებთან ერთად C ჯგუფში მოხვდნენ ჰოლანდია, რუსეთი, კუბა და ხორვატია. პირველ წრეში ჩვენი მეტოქე იქნება ხორვატიის გუნდი.