ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საგანგებო კომისია შექმნა

06 სექტემბერი 2017

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) შექმნა საგანგებო შვიდკაციანი კომისია, რომელიც მომდევნო  სამი თვის განმავლობაში დეტალურად შეისწავლის ძალოსნობაში აკრძალული პრეპარატების გამოყენების პრობლემებს და კონსულტაციას გაუწევს IWF-ს დოპინგთან  ბრძოლის სპეციალური პროგრამის მოსამზადებლად. თავის მხრივ, IWF-მა ეს პროგრამა წლის ბოლომდე უნდა წარუდგინოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. IWF-ის ეს ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ  შეიმუშავოს ეფექტური დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმა, ამავე დროს მოიპოვოს სოკ-ის კეთილგანწყობა და აღიდგინოს შელახული რეპუტაცია.

საქმე ის არის, რომ ძალოსანთა დოპინგ-სინჯების განმეორებითი ტესტირებისას გამოვლინდა 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის გამოყენების მასობრივი შემთხვევები, რასაც მკაცრი რეაქცია მოჰყვა  2017 წლის 9 ივნისს გამართულ სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.

ყველამ უნდა იმოქმედოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მოუწევს 2017 წლის დეკემბრამდე წარმოგვიდგინოს სათანადო ანგარიში და გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ამ სახეობაში არსებულ მასშტაბურ დოპინგპრობლემასთან ბრძოლას,"_ განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა სხდომის დასრულების შემდეგ.

სწორედ 9 ივნისის სხდომაზე შეიტანეს მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მაშინ, როდესაც სპორტის ზოგიერთ სახეობას დაემატა არაერთი ახალი დისციპლინა, ძალოსნობაში პირიქით მოხდა: გამოაკლდა კაცების ერთი წონითი კატეგორია, ძალოსან ოლიმპიელთა საერთო რაოდენობა კი 64 სპორტსმენით შემცირდა.

„ჩვენს მიერ შექმნილი კომისია უშუალოდ პასუხისმგებელია იმაზე, რომ მოამზადოს ანგარიში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში წარსადგენად, თომას ბახის თხოვნის შესაბამისად,"- აცხადებს IWF-ის გენერალური დირექტორი ატილა ადამფი.

კომისიის პირველი სხდომა მომავალ კვირას გაიმართება, პირველ შუალედურ მოხსენებას კი სექტემბრის ბოლოს წარუდგენს IWF- ის აღმასრულებული საბჭოს რიგგარეშე სხდომას. ამ სხდომაზე სოკ-ის წარმომადგენელსაც მიიწვევენ.