სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს დეკლარაცია და თომას ბახის განცხადება

12 სექტემბერი 2017

პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც მიმართულია სპორტში ერთიანობის, სამართლიანობის და სანდოობის პრინციპების დასაცავად და ასახავს სოკ-ის მკაფიო და მკაცრ პოზიციას ოლიმპიური მოძრაობაში ნებისმიერი დარღვევის აღსაკვეთად. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სწორედ სანდოობის განსამტკიცებლად, აგრეთვე  სოკ-ის სტრატეგიული საგზაო რუკის - 2020 წლის ოლიმპიური პროგრამის ფარგლებში განხორციელდა რეფორმა და შემოღებულ-იქნა სოკ-ის მართვის გამართული სისტემა. ეს სისტემა ასევე საიმედო და მრავარმხრივია ოლიმპური თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევისას. როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, სოკ-იც არ არის დაზღვეული დარღვევებისგან, თუმცა ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ პრევენციისა და სანქცირების მექანიზმი.

დეკლარაციაში ასევე საუბარია  მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და სოკ-ის ყოფილი საპატიო წევრის ლამინე დიაკის და მისი ვაჟის  წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე. საფრანგეთის პროკურატურა აცხადებს, რომ დიაკების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული  საეჭვო გადარიცხვები შესაძლოა უკავშირდებოდეს „გლობალური სპორტული შეჯიბრების მასპინძელი ქალაქის არჩევნებს." სოკ-ი იმთავითვე შეუერთდა გამოძიებას, ლამინე დიაკის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიღების კვალდაკვალ კი, 2015 წლის ნოემბერში, მას ჩამოართვა სოკ-ის საპატიო წევრის სტატუსი.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ, სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ისაუბრა სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის მეთაურობით შექმნილი სადისციპლინო  კომისიის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ზამთრის სეზონის დადგომამდე კომისია სოკ-ს წარუდგენს ჩატარებული სამუშაობების შედეგებს.

ეს კომისია შეიქმნა რუსეთში დოპინგთან  დაკავშირებით არსებული ვითარების გასარკვევად და იმის გამოსაძიებლად,  მოქმედებდა თუ არა დოპინ-სინჯების ჩანაცვლების სისტემა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 2016 წელს ასევე შეიქმნა მეორე კომისია სამუელ შმიდის მეთაურობით, რომელიც იკვლევს დოპინგით მანიპულირებაში რუსეთის ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობას.

ამ კომისიების დასკვნებზე იქნება დამოკიდებული, დაუშვებენ თუ არა რუსეთის დელეგაციას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.  

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ოსვალდის კომისიას  ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ზამთრის სეზონის მსოფლიო თასის ეტაპების დაწყებამდე ისინი წარმოადგენენ გარკვეულ მასალებს," - განაცხადა თომას ბახმა.

ხვალ ლიმაში მუშაობას შეუდგება სოკ-ის  131-სესია.