სოკ-ის 131-ე სესია საზეიმოდ გაიხსნა

13 სექტემბერი 2017

პერუს დედაქალაქ ლიმაში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 131 სესია, რომელიც 16 სექტემბერს დასრულდება.  Gran Teatro Nacional -ში შეკრებილ დელეგატებს მიესალმნენ სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი და პერუს პრეზიდენტი პედრო პაბლო კუჩინსკი.

თომას ბახმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის მეთაურს მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა წლევანდელი სესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას „ოლიმპიური მოძრაობის სამომავლო კურსის განსასაზღვრავად." 

„სპორტში მთავარია მისი სულისკვეთება. ოლიმპიური თამაშების სულისკვეთება არის სწორედ ის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პერუში" _განაცხადა პრეზიდენტმა კუჩინსკიმ, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში სპორტის განვითარებაზე და პრიორიტეტად დაასახელა სპორტის მასობრიობის გაზრდა საერთო ეროვნულ სკოლებში, სადაც 8 მილიონამდე მოზარდი სწავლობს.

სესიამ დღეს, 13 სექტემბერს უნდა აირჩიოს 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები.