პან გი მუნი სოკ-ის ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

14 სექტემბერი 2017

პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიის დელეგატებმა სოკ-ის ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი პან გი მუნი. ასევე აირჩიეს კომისიის ოთხი წევრი.

„მიმაჩნია, რომ ეთიკა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებისთვის. ამიტომაც  ყველაფერი გავაკეთე გაეროში ეთიკის კულტურის ასამაღლებლად. ხელს ვუწყობდი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დამკვიდრებას, ასევე ვცდილობდი პირადი სმაგალითი მიმეცა სხვებისთვის. მზად ვარ ახალ როლში თავმდაბლად ვემსახურო სოკ-ს" _ განაცხადა პან გი მუნმა.

სოკ-ის  პრეზიდენტმა თომას ბახმა პან გი მუნი ამ მნიშვნელოვან პოსტზე წლეულს ივნისში გამართულ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე წარადგინა. პან გი მუნის კანდიდატურამ ჯერ საბჭოს წევრების მოწონება დაიმსახურა, ამჯერად კი სესიის დელეგატებაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

თომას ბახის განცხადებით, სოკ-ისთვის დიდი პატივია, რომ პან გი მუნმა ჩაიბარა ეს საპასუხისმგებლო პოსტი _ ის არის ოლიმპიური მოძრაობის საუკეთესო მეგობარი, რომელმაც  გაეროში მუშაობის პერიოდში ეთიკის მაღალი სტანდარტი დანერგა და პატიოსნად, ანგარიშვალდებულად და  გამჭვირვალედ მუშაობის სანიმუშო გამოცდილება დაუგროვდა.

73 წლის სამხრეთკორეელი დიპლომატი პან გი მუნი 2007-2016 წლებში ხელმძღვანელობდა გაეროს. სოკ-ის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მან  სენეგალელი იუსუპ ნდაი შეცვალა.