17 ქვეყანა ოლიმპიური თამაშებიდან რუსეთის ნაკრების მოხსნას ითხოვს

15 სექტემბერი 2017

17  ქვეყნის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტო  2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან  რუსეთის  გუნდის მოხსნას ითხოვს.

ამის მიზეზია რიჩარდ  მაკლარენის დამოუკიდებელი კომისიის ის სკანდალური დასკვნა, რომელმაც ასეულობით რუსი სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა პრესტიჟულ შეჯიბრებებზე დოპინგის მოხმარებაში ამხილა. ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოების ვარაუდით, რადგან აქამდე ვერ მოხერხდა დოპინგსკანდალის საქმის დეტალური და საფუძვლიანი გამოძიება, იქმნება საშიშროება, რომ  „პიონჩანგ-2018-ზე" სუფთა სპორტსმენებს  არათანაბარ პირობებში მოუწევთ ასპარეზობა.

 „ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ 2018 წლის თამაშები იქნება „სუფთა", - აცხადებენ ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების (NADO) წევრები, რომლებმაც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კატეგორიულად  მოითხოვეს  რუსეთის ნაკრების მოხსნა ყველა საერთაშორისო  შეჯიბრებიდან. 

NADO-ს წევრი ორგანიზაციები თანახმანი არიან, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები გამოვიდნენ  მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ და უმკაცრესი დოპინგ-შემოწმების შემდეგ.

როგორც ცნობილია, სპორტის 30 სახეობაში დოპინგის მოხმარებაში დაადანაშაულეს ათასზე მეტი რუსი სპორტსმენი. WADA-ს მტკიცებით, დოპინგმანიპულაციებში  ჩართული იყო სახელმწიფო სისტემა. მაკლარენის დასკვნაში დასახელებული სპორტსმენების უდიდეს ნაწილს, ასეულობით რუს სპორტსმენს დაუდგინდა დოპინგის მოხმარება და დაეკისრათ სანქციები. თუმცა, რამდენიმე დღის წინ WADA-ს ხელმძღვანელმა კრეიგ რიდმა განაცხადა, რომ 95 რუსი სპორტსმენის მიმართ მისმა ორგანიზაციამ შეწყვიტა გამოძიება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორი სპეციალური კომისია ამ საქმეზე მუშაობას წლის ბოლომდე დაასრულებს. სოკ-ის დასკვნას სპორტული სამყარო მოუთმენლად ელის.