„ბუენოს აირეს-2018" - ის პრეზენტაცია ლიმაში

15 სექტემბერი 2017

გაისად, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გაიმართება ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. 6-18 ოქტომბერს სპორტის 32 სახეობაში ძალებს მოსინჯავენ მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის 15-18 წლის სპორტსმენები, მათ შორის - საქართველოს წარმომადგენლები.  

პერუს დედაქალაქ ლიმაში სოკ-ის სესიის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნება ყველა 28 ძირითადი ოლიმპიური სახეობა, თუმცა ზოგიერთი სახეობა წარმოდგენილი იქნება არაოლიმპიური დისციპლინებით. მაგალითად, ფეხბურთელები ერთმანეთს ფუტზალში შეეჯიბრებიან,  ტანმოვარჯიშეები - აკრობატიკაში, ხელბურთელები კი ქვიშაზე ითამაშებენ. ოლიმპიადის პროგრამას ასევე დაემატა კარატე, კლდეზე ცოცვა, გორგოლაჭებით რბოლა და ბრეიკ-დანსი, მძლეოსანთა ტურნირს _ რბენა რელიეფურ დისტანციაზე.  ოლიმპიური შეჯიბრებების ისტორიაში პირველად, სწორედ ბუენოს აირესში დაცული იქნება სრული გენდერული ბალანსი.

პრეზენტაციაზე გამოცხადდა, რომ თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება ღია ცის ქვეშ, ბუენოს აირესის ცენტრალურ მოედანზე.

„ეს არის ძალიან კარგი პროექტი ახალი კონცეფციით: ნაცვლად იმისა, რომ ხალხი სტადიონზე მოვიზიდოთ, თავად მივდივართ იქ, სადაც ბევრი ხალხია," _ აღნიშნა „ბუენოს აირეს-2018"_ ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოკ-ის წევრმა ჯერარდო ვერტჰეინმა.

მან სესიის დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია საოლიმპიადო სამზადისის შესახებ და აღნიშნა, რომ საშეჯიბრო და სავარჯიშო ობიექტები, ისევე როგორც _ ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი, სწრაფი ტემპით შენდება და სრულ მზადყოფნაში იქნება ოლიმპიადისთვის.

წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 13 სპორტსმენი გამოდიოდა. მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს 2010 წლის პირველი თამაშების შედეგები (1 ბრინჯაო და გუნდური 84-ე ადგილი), ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.