არჩევნები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში

16 სექტემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე, რომელიც დღეს დასრულდება პერუს დედაქალაქ ლიმაში, მოეწყო სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის, სოკ-ის 8 ახალი წევრისა და სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს 3 ახალი წევრის არჩევნები.

სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ხელმეორედ გახდა ამერიკელი ანიტა დეფრანცი, რომელსაც სპორტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 1992-2001 წლებში იყო სოკ-ის აღმასკომის წევრი, 1997-2001 წლებში_ სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, 1997-2014 წლებში ხელმძღვანელობდა კომისიას „ქალები და სპორტი," აქტიურად იყო ჩართული სოკ-ის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, საქმიანობდა ამერიკულ სპორტულ ორგანიზაციებში, ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში. არის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და მსოფლიოს  ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ნიჩბოსნობაში.

სოკ-ის ინდივიდუალური წევრები გახდნენ  ბაკლაი ტემენგილი (პალაუ), კრისტინ კლოსტერ ასენი (ნორვეგია), ხუნინგ პატამალ ლესვადთრაკული (ტაილანდი) და ლუის ოვიედო (დომინიკის რესპუბლიკა); ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების და კონტინენტური ოლიმპიური ორგანიზაციების კვოტით აირჩიეს პანამერიკული სპორტული ორგანიზაციის პრეზიდენტი ნევან ალვარესი (ჩილე) და ომანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ხალიდ მუჰამედ ალ ზუბაირი; საერთაშორისო სპორტული ფედერაციების კვოტით _  ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან კრისტოფ როლანდი (საფრანგეთი) და ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ინგმარ დე ვოსი (ბელგია).

გარდა ამისა, სოკ-ის 16 წევრს 4 წლით გაუგრძელდა უფლებამოსილება.

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო ოთხწლიანი ვადით შეავსეს რობინ მიტჩელმა (ფიჯი), ნიკოლ ჰოივერცმა (არუბა) და დენის ოსვალდმა (შვეიცარია).

სოკ-ის საპატიო წევრები გახდნენ გერჰარდ ჰეიბერგი (ნორვეგია) და კუნ ჰი-ლი (სამხრეთ კორეა).