ზეიმი პარიზსა და ლოს-ანჯელესში

18 სექტემბერი 2017

პარიზსა და ლოს-ანჯელესში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც ამ ქალაქების 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძლად არჩევას მიეძღვნა.

პარიზის მერიის წინ, ღია ცის ქვეშ, ცნობილი მომღერლების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრნენ ოფიციალური პირები, „აპარიზი-2024"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, სახელოვანი სპორტსმენები, პარიზში ოლიმპიადის გამართვის მხარდამჭერები.

პარიზის მერმა ანე იდალგომ შეკრებილ საზოგადოებას, პარიზელებს, მთელ საფრანგეთს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ  ახლა ქალაქი შეუდგება იმ დაპირებების შესრულებას, რომლებიც გაიცა საოლიმპიადო განაცხადის წარდგენის პროცესში: „მე ძალიან ვამაყობ მიღწეული შედეგით, ქალაქისთვის მიღებული შესაძლებლობით და მოუთმენლად ველი ამ დიდი „მოგზაურობის" გაგრძელებას, რათა ჩვენი დაპირებები რეალობად ვაქციოთ. იყო ოლიმპიადის მასპინძელი _ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ქალაქისა და ქვეყნისთვის და ჩვენ ორივე ხელით უნდა ჩავეჭიდოთ ამ საქმეს."

აქამდე პარიზმა ოლიმპიურ თამაშებს ორჯერ _ 1900 და 1924 წლებში უმასპინძლა, ისევე, როგორც ლოს-ანჯელესმა (1932 და 1984 წლები).

ლოს-ანჯელესში მოეწყო საზეიმო აღლუმი, რომელსაც წინ მიუძღოდა ქალაქის მერი ერიკ გარსეტი. ხელოვნების სახლთან დაწყებულ აღლუმში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ქალაქის საბჭოს პრეზიდენტი ჰერბ ვისონი, „ლოს-ანჯელეს-2028"-ის საორგანიზაციო კომიტეტისა და „ლოს-ანჯელეს-84"-ის ფონდის წარმომადგენლები, სპორტსმენები, სპორტის გულშემატკივრები.

„ვფიქრობ, რომ ხალხს ძალიან უხარია ოლიმპიადის დაბრუნება შინ _ ლოს-ანჯელესში, ქალაქში, რომელსაც ოლიმპიზმი დნმ-ში აქვს. მთავარი ის არის, რომ  ჩვენ გვსურს ოლიმპიზმით დავმუხტოთ მომავალი თაობები," _ განაცხადა გარსეტიმ.

2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძლებად პარიზი და ლოს-ანჯელესი აირჩიეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 131-ე კონგრესზე, რომელიც 13-16 სექტემბერს პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართა.