„პიონჩანგ-2018"-ის საბოლოო განრიგი დადგენილია

19 სექტემბერი 2017

ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, ზამთრის სპორტის საერთაშორისო ფედერაციებთან და სამაუწყებლო კომპანიებთან  შეთანხმებით, გამოაქვეყნა ოლიმპიადის განრიგის საბოლოო ვერსია.

2018 წლის 8-25 თებერვალს სამხრეთკორეულ პიონჩანგში სპორტის 15 სახეობაში სულ გათამაშდება მედლების 102 კომპლექტი. წინა თამაშებთან შედარებით, პროგრამაში შევიდა 6  ახალი დისციპლინა: სნოუბორდი Big Air (ქალები/კაცები), ჩქაროსნული ციგურაობა _მასსტარტი (ქალები, კაცები), ქერლინგი (ქალთა და კაცთა შერეული  წყვილები) და გუნდური სწრაფდაშვება.

თამაშების განრიგის შედგენის პროცესი 2013 წელს დაიწყო და მხოლოდ ახლა დასრულდა.

პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების პირველ მედლებს 10 თებერვალს გაინაწილებენ მოთხილამურე ქალები (7,5კმ კლასიკური +7,5 კმ თავისუფალი), ბოლო მედლებს _ ასევე მოთხილამურე ქალები 30 კმ დისტანციაზე (25 თებერვალი).

ინტენსიური სატურნირო გრაფიკის გამო, ტრამპლინიდან ხტომასა (კაცები) და ქერლინგში (შერეული წყვილები) შეჯიბრებები დაიწყება 8 თებერვალს _ ოლიმპიადის საზეიმო გახსნამდე ერთი დღით ადრე, ოლიმპიადის დახურვის დღეს _ 25 თებერვალს კი ჩემპიონები გამოვლინდებიან  4 დისციპლინაში (ჰოკეი-კაცები; 30 კმ თხილამურებით რბოლა _ ქალები;  ბობსლეი _ 4-ადგილიანი, კაცები; ქერლინგი _ ქალები ).

ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, ვისაც მოპოვებული აქვს ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. მორისი პიონჩანგში 16 თებერვალს მოკლე პროგრამით გამოვა, 17 თებერვალს _ თავისუფალი პროგრამით.

მორის ყვითელაშვილი 22 წლისაა, ვარჯიშობს მოსკოვში ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელით გამოდის 2016 წლიდან. ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე დაიკავა მე-6 ადგილი, მსოფლიოს ჩემპიონატზე _ მე-13 ადგილი, რამაც ოლიმპიადის საგზური მოუტანა.