იაპონელი სტუმრები სეოკ-ში

19 სექტემბერი 2017

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრნენ იაპონიის ტოკუშიმას პრეფექტურის სპორტის ასოციაციის ხელმძღვანელები, რომლებსაც უმასპინძლა სოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა. მან იაპონელ სტუმრებს მიაწოდა მოკლე ინფორმაცია ქართულ სპორტზე, ჩვენს ოლიმპიელებზე, სპორტის წარმატებულ სახეობებზე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

თავის მხრივ, სტუმრებმა იასუბრეს ტოკუშიმას პრეფექტურაში სპორტის განვითარების ტენდენციებზე და პოპულარულ სპორტულ პროგრამებზე.

ასოციაციის დირექტორის მოადგილემ იოშინორი სუდუკიმ სეოკ-ს შესთავაზა საინტერესო წინადადება საოლიმპიადოდ თანამშრომლობის შესახებ: „ჩვენი ვიზიტის მიზანია ხელი შევუწყოთ ქართველ სპორტსმენებს, პირველ რიგში კი _ თქვენს მოჭიდავეებს 2020 წლის ოლიმპიადისთვის უკეთ მომზადებაში. ჩვენი პრეფექტურის ქალაქ მიმასა და თქვენს ქალაქ გორს შორის დამყარდა საინტერესო კავშირები. ორივე ქალაქში განსაკუთრებით პოპულარულია ჭიდაობა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოს მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრების წევრები 2019 წელს და უშუალოდ ოლიმპიადის დაწყებამდე, აკლიმატიზაციისთვის და საწვრთნელი ვარჯიშებისთვის, მოვიწვიოთ მიმაში. ყველა ხარჯს იაპონური მხარე დაფარავს. იქ არის ძალიან კარგი სპორტული ინფრასტრუქტურა და იმედი გვაქვს, თქვენი სპორტსმენები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას."  

ელგუჯა ბერიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს კეთილგანწყობისა და საინტერესო შეთავაზებისთვის: „ეს არის თქვენს მიერ გამოწვდილი მეგობრობის ხელი და დიდი მადლობა ამისათვის. ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად შევხვდებით და გავესაუბრებით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებს და მათთან ერთად განვიხილავთ თქვენს წინადადებას. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა შედგება და, რაც მთავარია, ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება. საქართველოს დიდი გეგმები აქვს ტოკიოს ოლიმპიადასთან დაკავშირებით და  იმედი გავაქვს, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული თამაშები,"_ განაცხადა ბერიშვილმა. 

შეხვედრას ესწრებოდა სოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან აფციაური.