სოკ-ის პრეზიდენტი ლოს-ანჯელესში

20 სექტემბერი 2017

პარიზისა და ლოს-ანჯელესისთვის 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მინიჭებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი  ლოს-ანჯელესში ჩავიდა. ის სოკ-ის 131-ე სესიის მასპინძელ პერუს დედაქალაქ ლიმადან პირდაპირ გაემგზავრა აშშ-ში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ბახს თან ახლდნენ სოკ-ის ახალარჩეული ვიცე-პრეზიდენტი ანიტა დეფრანცი და სოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე ანჯელა რუჯერიო.

ლოს-ანჯელესის მერიში ქალაქის საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ბახმა მასპინძლებს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და ხაზი გაუსვა საოცარ ოპტიმისტურ განწყობილებას, რაც ამ ქალაქში სუფევს: „ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩვენი ისტორიული არჩევანი. ეს არის ქალაქი, რომელიც ნათელი, შთამაგონებელი და მიმზიდველი ოლიმპიური იდეალების ერთგულია."  

ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტმა  ისაუბრა ლიმაში  მიღებული გადაწყვეტილების და ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობაზე: „ოლიმპიური თამაშები უფრო მეტია, ვიდრე მოვლენა. ეს არის წინსვლა. ლოს-ანჯელესი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი და ახალგაზრდებს დავეხმაროთ იმაში, რომ სპორტის მეშვეობით უფრო წარმატებულები გახდნენ."

თომას ბახი სტადონ „ლოს-ანჯელეს მემორიალ კოლიზეუმში," სადაც გაიმართა 1932 და 1984  წლების ოლიმპიადების გახსნის ცერემონიალი, დაესწრო ამერიკის საფეხბურთო ლიგის მატჩს, მანამდე კი 1984 წლის ოლიმპიურ ჩემპიონთან რაფერ ჯონსონთან ერთად  სტადიონის „ოლიმპიურ ფიალაში" ცეცხლი აანთო.

უკვე ცნობილია, რომ 2028  წლის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონია _ ამჯერად მესამედ _ ასევე „ლოს-ანჯელეს მემორიალ კოლიზეუმში" გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.