2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების პრეზენტაცია

21 სექტემბერი 2017

სეულში გაიმართა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების პრეზენტაცია. მედლები დამზადდა ცნობილი სამხრეთკორეელი დიზაინერის სუკ-ვუ ლის ესკიზის მიხედვით და ასახავს კორეული კულტურის ელემენტებს (ისევე, როგორც თამაშების ემბლემა და პიქტოგრამა).

მედლის ავერსზე გამოსახულია ხუთი რგოლი და დაღარულია დინამიური დიაგონალური ხაზებით; რევერსზე დატანილია თამაშების ემბლემა და შესაბამისი სპორტული დისციპლინის დასახელება; წიბოზე ინგლისურად და კორეული დამწერლობით _ ჰანგილით ამოტვიფრულია თამაშების დასახელება, ჩატარების ადგილი და წელი.

კომპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მედლის ჩამოსაკიდი ლენტი, რომელიც მოქსოვილია კორეული ტრადიციული ტექსტილით Gapsa და გამოსახულია კორეული ორნამენტები.

ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოთავსდება ხით მოპირკეთებულ ორიგინალურ ყუთში, რომელსაც ასევე ამშვენებს თამაშების ემბლემა და კორეული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მრუდე ხაზები.

„ოლიმპიური მედლების წარდგენა საამაყო მომენტია ჩვენთვის და ეს ხდება ხუთ თვეზე ოდნავ ნაკლებით ადრე, ვიდრე პირველი ოქროს მედლის მფლობელი გამოვლინდება. ეს მედლები არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების და ოლიმპიური ფასეულობების შესანიშნავი გამოხატულება. ჩვენი გვსურდა, რომ ეს მედლები ყოფილიყო ერთგვარი სიმბოლო კორეისა და იმ შესანიშნავი მოგონებებისა, რომლითაც სპორტსმენები შინ დაბრუნდებიან," _ განაცხადა „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლი-ჰი ბიმმა.

ოლიმპიური მედლების პრეზენტაცია ჩატარდა ყველაზე საკულტო ნაგებობაში _ Dongdaemun Design Plaza-ში, თანამედროვე სეულის მოდის ცენტრში და ერთი კვირის განმავლობაში იქვე იქნება გამოფენილი.

სეულის პარალელურად, კორეიდან 11 ათასი კილომეტრის დაცილებით, ნიუ-იორკის ხელოვნების მეტროპოლიტენ-მუზეუმში ასევე გაიმართა სპეციალური ღონისძიება_„შეხვედრა პიონჩანგ-2018-თან: ზამთრის ოლიმპიური თამაშები მშვიდობისათვის," რომელსაც ესწრებოდა გაეროს გენერლურ ასამბლეაზე მყოფი სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი. ის  მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც შეკრებილ საზოგადოებას  წარუდგინეს პიონჩანგის ოლიმპიური მედლების კოლექცია.

ნიუ-იორკში ასევე გაიმართა სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახისა და პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინის ოფიციალური შეხვედრა, სადაც განიხილეს მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების და სხვა აქტუალური საკითხები.