სეოკ-ის წარმომადგენელი „MEMOS-XXI"-ის პროგრამაში

22 სექტემბერი 2017

სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ წარდგენილი  99 განაცხადის განხილვის შემდეგ,  „MEMOS-XXI" პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეარჩია 38 სპეციალისტი, მათ შორის _ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, EOC-ის ევროკავშირის კომისიის წევრი რუსუდან აფციაური.

აღნიშნული  სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით და მოიცავს 6 მოდულისგან შემდგარ 3 სესიას. რუსუდან აფციაურმა ლოზანაში უკვე წარმატებით გაიარა  პირველი 2-მოდულიანი სესია, რომელიც მოიცავდა ოლიმპიური კომიტეტებისა და ზოგადად სპორტული ორგანიზაციებისთვის ისეთ აქტუალურ  საკითხებს, როგორიცაა სტრატეგიული მართვისა და კარგი მმართველობის პრინციპები და ფინანსური მენეჯმენტი.  მომდევნო  სესიების განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ადამიანური რესურსებისა და ცვლილებების მართვის, ლიდერობისა და კონფლიქტების მართვის საკითხებს და სხვ.

სესიების პერიოდში, ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს თეორიული სწავლება ჯგუფური და ინდივიდულაური სავარჯიშოების თანხლებით, ასევე საკითხავი მასალისა და ინდივიდუალური წერილობითი კვლევითი მასალის განხილვა-შეფასება. შერჩეულ თემაზე შემდგომი მუშაობის პროცესს ზედამხედველობას უწევენ  თითოეულ სტუდენტზე მიმაგრებული პროფესორ-პედაგოგები.

MEMOS -ს პროგრამა 2017-2018 სასწავლო წლებს მოიცავს და ფინალური ეტაპი ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში სადიპლომო ნამუშევრის წარდგენას ამ პროგრამისთვის შერჩეული ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს  წარმოადგენს სხვადასხვა დეპარტამენტებსა და სპორტულ ფედერაციებში  დასაქმებული სპეციალისტების ცოდნისა და გამოცდილების  გამდიდრება.

გასული წლების მსგავსად, სეოკ-ი წელსაც აქტიურად სარგებლობს მწვრთნელთა საერთაშორისო სასერტიფიკატო და სხვა პროგრამებით.  

რაც შეეხება MEMOS სამაგისტრო პროგრამას, ის გათვალისწინებულია ოლიმპიური კომიტეტის მიერ შერჩეული პროფესიონალი, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირებისთვის. სოკ-ი საშუალებას აძლევს ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულ სპეციალისტებს გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სპორტული ორგანიზაციების უკეთესად მართვის მიზნით.