ვის ერგება 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები

07 მარტი 2012

ბუენოს-აირესი (არგენტინა), მედელინი (კოლუმბია), გლაზგო (დიდი ბრიტანეთი), გვადალახარა (მექსიკა), როტერდამი (ჰოლანდია) და პოზნანი (პოლონეთი) - ეს იმ ქალაქთა ჩამონათვალია, რომლებსაც 2018 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე აცხადებენ პრეტენზიას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სპორტული ფორუმი ჯერ თოთოა და სულ რაღაც ორი წლის ისტორიას ითვლის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ზაფხულის პირველი თამაშების 2010 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო ზამთრის წელს იანვარში ინსბრუკში (ავსტრია). უკვე ცნობილია მომდევნო ანალოგიური შეჯიბრებების მასპინძელთა ვინაობაც. 2014 წელს ზაფხულში ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიოდან ჩინეთში შეიკრიბებიან, ხოლო 2016 წელს ზამთარში ნორვეგიაში.

„სინგაპურისა და ინსრუკის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დაარსების იდეამ გაამართლა და ჩვენ გულისყურით ვუდგებით მისი კიდევ უფრო პოპულარიზაციის საკითხს. ამ კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანია ჩამტარებელი ქვეყნები და შესაბამისი ოლიმპიური კომიტეტები როგორ მოახდენენ თამაშების ორგანიზებას მაღალ დინეზე.

მისასალმებელია, რომ მასპინძლობის სურვილს ბევრი ქალაქი გამოთქვამს და ჩვენც არჩევანის გაკეთება კარგსა და საუკეთესოს შორის გვიხდება"- აღნიშნა სოკ-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა.

თავში ნახსენები 6 კანდიდატი ქალაქიდან თუ ვის მიანიჭებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საპატიო მისიას უმასპინძლოს რიგით მესამე ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 2013 წლის ივლისში გახდება ცნობილი.