საფრანგეთი და ავსტრია ეჭვქვეშ აყენებენ „პიონჩანგ-2018"-ის უსაფრთხოებას

23 სექტემბერი 2017

საფრანგეთის სპორტის მინისტრის ლორა ფლესელის განცხადებით, თუ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაცული არ იქნება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, მისი ქვეყნის გუნდი არ გაემგზავრება სამხრეთ კორეაში: „თუ მდგომარეობა უფრო გაუარესდა და უსაფრთხოების გარანტიები არ გვექნება, საფრანგეთის ნაკრები სახლში დარჩება,"_ ამბობს ფლესელი.

იგივე შინაარსის განცხადება გაკეთდა ავსტრიაშიც. ამ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კარლ სტოსის თქმით, ავსტრია ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას: „თუ სიტუაცია უფრო დამძიმდა და ჩვენს სპორტსმენებს უკვე არ ექნებათ უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ არ წავალთ სამხრეთ კორეაში."

ასეთი რეაქცია განპირობებულია კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ფეთქებადსაშიში ვითარებით და მეზობელ ჩრდილოეთ კორეაში გახშირებული ბირთვული რაკეტების გამოცდებით.

პიონჩანგი, სადაც 8-29 თებერვალს ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, მხოლოდ 80 კილომეტრით არის დაშორებული ჩრდილოეთ კორეის საზღვარს.

სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის მორიგი გამოცდა განახორციელა და ბალისტიკური რაკეტები გაუშვა იაპონიის ტერიტორიის მიმართულებით. ამ პროვოკაციული ქმედებების  საპასუხოდ, გაერომ მიიღო შესაბამისი რეზოლუცია და უფრო გაამკაცრა სანქციები ამ ქვეყნის მიმართ.

სწორედ ახლახან დამთავრებულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.  შეხვედრის ძირითადი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე. ორივე პრეზიდენტი აცხადებს, რომ თამაშებზე უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

ამას გარდა, თომას ბახმა აღნიშნა, რომ მთავრდება მუშაობა გაეროს რეზოლუციის ტექსტზე „ოლიმპიური ზავის" შესახებ და ამ დოკუმენტს კენჭს უყრიან გაეროს მომავალ გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.