ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ტაეკვონდოს მწვრთნელებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადასცა

25 სექტემბერი 2017

დღეს ახალი თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენაზე  გაიმართა ტაეკვონდოს მწვრთნელთა საერთაშორისო ტექნიკური სემინარის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი.

ეს სემინარი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  მხარდაჭერით.  სემინარს უძღვებოდნენ კალიფიციური სამხრეთკორეელი სპეციალისტები _ ლიმ ჯაე ჰიონ(მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმ (მე-6 დანი). მაღალი დონის ორკვირიანი კურსები გაიარა 30-მდე ქართველმა მწვრთნელმა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საქმიანობენ.

მათ კურსების წარმატებით დამთავრება  მიულოცა და შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

„ჩვენი კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური პროგრამების მეშვეობით, შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ერთად, აქტიურად უწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებისა და მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებას. წვრთნის თანამედროვე მეთოდების გარეშე  შეუძლებელია მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა. ტაეკვონდო, როგორც მოგეხსენებათ,  ოლიმპიური სახეობა გახდა 2000 წლიდან, თუმცა ჩვენს სპორტსმენებს ჯერჯერობით ოლიმპიური თამაშების ლიცენზია არ მოუპოვებიათ.  იმედი გვაქვს, რომ ამ სემინარზე მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოიყენებენ ტაეკვონდოს მწვრთნელები და აღზრდიან მომავალ ოლიმპიელებს"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა. 

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძემ  ისაუბრა ასეთი სემინარების მნიშვნელობაზე და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  სემინარის მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ეს იყო ძალიან მაღალი დონის კურსები, რომელსაც სწორედ სპორტის ამ სახეობის სამშობლოდან _ კორეიდან ჩამოსული ოსტატები უძღვებოდნენ.