სამხრეთ კორეის მთავრობა: ზამთრის ოლიმპიური თამაშები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება

26 სექტემბერი 2017

სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადების თანახმად,  2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. ქვეყნის  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნო კიუ-დუკის თქმით, „მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე პიონჩანგში უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. ამ მომენტისთვის ოფიციალურად არც ერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს."

ოლიმპიადაზე უსაფრთხოების საკითხები  მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მეზობელმა  ჩრდილოეთ კორეამ ზედიზედ გამოსცადა ბირთვული რაკეტები და  საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებს.

ასეთი ვითარების საპასუხოდ, საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ლორა ფლესელმა  განაცხადა, რომ თუ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაცული არ იქნება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, მისი ქვეყნის გუნდი არ გაემგზავრება სამხრეთ კორეაში. იგივე შინაარსის განცხადება გაკეთდა ავსტრიაშიც.

მოგვიანებით, საფრანგეთის ეროვნული ოლიმპიური და სპორტის კომიტეტის პრეზიდენტი დენი მასელია , ფაქტობრივად, გაემიჯნა ფლესელს, როცა მედიას განუცხადა, რომ ქვეყნის ოლიმპიური გუნდი არ გეგმავს ოლიმპიადის გამოტოვებას.

საერთაშორისო ოლიმპურმა კომიტეტმა თხოვნით მიმართა წევრ ორგანიზაციებს _  205 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რათა სოკ-თან  კოორდინირებულად იმოქმედონ კორეაში არსებული ვითარების შესახებ მედიის კითხვებზე პასუხის მომზადებისას.

სოკ-მა განაცხადა, რომ ის ყურადღებით აკვირდება  კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციას და ბოლო თვეების განმავლობაში მჭიდრო კავშირი აქვს მთავრობებთან და გაერო-სთან.