მეორე ევროპული თამაშების საკოორდინაციო კომისია მინსკში

27 სექტემბერი 2017

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მუშაობა დაასრულა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების(ეოკ-ი) საკოორდინაციო კომისიამ სპიროს კაპრალოსის ხელმძღვანელობით. ევროპელი ექსპერტები შეხვდნენ ადგილობრივ კოლეგებს და  გაეცნენ  2019 წლის მე-2 ევროპული თამაშებისთვის მზადების მიმდინარეობას. 

როგორც კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ითქვა, განიხილეს  საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის _ თამაშების სპორტული პროგრამა, IT მოთხოვნები, მარკეტინგი, მაუწყებლობა, საცხოვრებელი კომპლექსის მოწესრიგება. კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტუდენტური ქალაქის მდგომარეობაზე,  სადაც იცხოვრებენ ევროპის 50 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები. ითქვა, რომ ეოკ-ის წარმომადგენლების პირველი სტუმრობის შემდეგ, საცხოვრებელ კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და ევროპული სტანდარტებს მიუახლოვდა.  ასევე პროგრესი შეინიშნება საშეჯიბრო არენების კეთილმოწყობის მიმართულებით.

სპიროს კაპრალოსის შეფასებით, „მინსკი-2019"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა კარგი სტარტი აიღო და დღეისათვის არაერთი   მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა. მთელი  საორგანიზაციო გუნდი მობილიზებულია, რათა ოპერატიულად და კომპეტენტურად გადაწყვიტოს პრობლემები, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ შესანიშნავ თამაშებს.

მინსკმა ევროპული თამაშების მასპინძლობის უფლება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 45-ე გენერალურ ასამბლეაზე, 2016 წლის ოქტომბერში მიიღო. თამაშები 2019 წლის 20-30 ივნისს ჩატარდება სპორტის 15 სახეობაში (მძლეოსნობა, მშვილდოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი 3X3, პლაჟის ფრენბურთი, კრივი, კანოე, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ძიუდო, კარატე, სამბო, ტყვიის სროლა, მაგიდის ჩოგბურთი, ჭიდაობა). სპორტის 11 სახეობაში გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები.

პირველ ევროპულ  თამაშებს   2015 წლის 12-28 ივნისს ბაქომ უმასპინძლა. ბაქოში საქართველო წარმოდგენილი იყო 104 სპორტსმენით. ისინი გამოვიდნენ სპორტის 13 სახეობის 17 დისციპლინაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, ჩვენი დელეგაცია ბაქოში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა - 16 მედალი მოიპოვა (მათ შორის - 2 ოქრო) და ამ ნიშნით 50 ქვეყანას შორის მე-14 შედეგი აჩვენა, ხარისხობრივი მაჩვენებელით კი ჩვენ საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილზე გავედით.