ხელბურთის ფესტივალი ბათუმსა და თბილისში

28 სექტემბერი 2017

ევროპის ხელბურთის ფედერაცია სექტემბრის ბოლოს ტრადიციულად მართავს ევროპის ხელბურთის დღეებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის თაოსნობით და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ბავშვთა ხელბურთის ფესტივალები მოეწყო ბათუმსა და თბილისში. ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ხელბურთის პოპულარიზაციას და მოზარდების ჩართვას სპორტის ამ ოლიმპიურ სახეობაში.

ბათუმში შეიკრიბნენ აჭარისა და ფოთის 10 საჯარო სკოლის გუნდები  და ქვიშის ხელბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.  თბილისში სასკოლო ხელბურთის ფესტივალს სპორტკომპლექსმა  „არენამ" უმასპინძლა. მონაწილეობდა 8 გუნდი _ იმ საჯარო სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სპორტის მასწავლებლები ჩართულნი იყვნენ ხელბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაში.
სასკოლო ხელბურთის მორიგი ფესტივალი თელავში გაიმართება.