მოსკოვის სასამართლომ WADA-ას ინფორმატორს პატიმრობა მიუსაჯა

28 სექტემბერი 2017

დღეს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა და საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, შემდგომში კი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA)  ინფორმატორი გრიგორი როდჩენკოვი. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები.

როდჩენკოვი 2006-2015 წლებში სათავეში ედგა ანტისადოპინგო ლაბორატორიას, 2016 წლის იანვარში კი დატოვა რუსეთი და თავი შეაფარა ამერიკას. მან სწორედ აშშ-ში გააკეთა ხმაურიანი განცხადება რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების სახელმწიფო სისტემის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც აგორდა ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალი.

 როდჩენკოვის  განცხადებების საფუძველზე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თხოვნით მიმართა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გამოეძიებინა რუსი მეცნიერის მიერ წამოყენებული ბრალდებები. პარალელურად, აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ასევე დაიწყო გამოძიება რუსეთის სამთავრობო ჩინოვნიკების, სპორტსმენების, მწვრთნელების და ანტისადოპინგო ორგანოების წინააღმდეგ.

დოპინგის თემაზე  ევროპაში და ამერიკაში მომზადდა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. ამ ფილმებში და საგაზეთო ინტერვიუებში გრიგორი როდჩენკოვი დეტალურად ჰყვება რუსეთის სპორტში დოპინგით მანიპულაციის მასშტაბებზე და მის პირად როლზე ამ საქმეში. WADA-ას ინფორმატორი ამტკიცებს, რომ ბევრი რუსი სპორტსმენი, მათ შორის _  სოჭის ოლიმპიადის თხუთმეტი მედალოსანი ჩართული იყო ე.წ. დოპინგ-პროგრამაში, რომელიც დეტალურად დაიგეგმა სახელმწიფო დონეზე, რუსებისთვის საშინაო ოლიმპიადაზე გამარჯვების უზრუნველსაყოფად (როგორც ცნობილია, სოჭში რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში). როდჩენკოვი აცხადებს, რომ ნაკრების წევრებს აძლევდა სამი აკრძალული პრეპარატის ნაზავს და ამის შესახებ თავად სპორტსმენებმაც იცოდნენ. როდჩენკოვი ასევე აღიარებს, რომ ლაბორატორიის კედელში საგანგებოდ გაკეთებული ხვრელის მეშვეობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა რუსი ოლიმპიელების დოპინგ-სინჯების შეცვლაში.

2016 წლის 18 ივლისს და 9 დეკემბერს ორ ნაწილად გამოქვეყნებულ WADA -ას დამოუკიდებელი კომისიის დასკვნაში დადასტურებულია რუსეთში დოპინგ-სინჯებით მანიპულირების ინსტიტუციონალური სისტემის არსებობა, რომელშიც ჩართული იყო ათასამდე სპორტსმენი. სოკ-მა WADA -ას კომისიის მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის დამატებით შესასწავლად და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე  რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადასამოწმებლად თავად შექმნა ორი კომისია, რომელთა საბოლოო ანგარიში 2017 წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს.

რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს წამოყენებულ ბრალდებებს, თუმცა აღიარებს გარკვეულ გადაცდომებს.

ამ თემას გამოეხმაურა თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მისი განცხადებით, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, როდჩენკოვს „რუსეთში ჩამოჰქონდა ყველანაირი საზიზღრობა" და „ეს პირად ბიზნესად აქცია."

საინტერესოა, რომ 2017 წლის იანვარში მოსკოვის სასამართლომ გრიგორი როდჩენკოვს ჩამოართვა მისი ქალიშვილის, მარინა ბალაკინას სახელზე გაფორმებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მოსკოვის გარეუბანში. გამოძიებამ მიიჩნია და სასამართლოც დაეთანხმა, რომ ეს უძრავი ქონება როდჩენკოვმა შეიძინა აკრძალული პრეპარატების რეალიზაციიდან მიღებული ფულით.