ამირან პაპინაშვილის ოქრო და ვარლამ ლიპარტელიანის ბრინჯაო

01 ოქტომბერი 2017

ზაგრებში (ხორვატია) დამთავრებულ გრან-პრიზე საქართველოს ორმა ძიუდოისტმა იჭიდავა და ორივემ მედალი მოიპოვა: ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ოქროსი, ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) _ ბრინჯაოსი.

პაპინაშვილმა, რომელიც ამ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ზაგრებში ოთხი ბრძოლა გამართა. სასტარტო შეხვედრაში იაპონელ დაი აიკოს იპონით აჯობა, მერე 2 წუთსა და 18 წამში აზერაბაიჯანელი მეჰმან სადიგოვი ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი თურქეთის სახელით მოასპარეზე ბეთქილ შუკვანს (ბექირ ოზლუს) ვაზარით მოუგო. ფინალში პაპინაშვილის პირისპირ კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, რუსეთის ნაკრების წევრი რობერტ მშვიდობაძე დადგა. ამირანმა მეტოქე 3,37 წუთში წმინდად დაამარცხა და ოქროს მედალთან ერთად 700 სარეიტინგო ქულაც მიიღო.

რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს, მან იაპონელი დაიკი ნიშიამას ვაზარით ძლევის შემდეგ, მეორე შეხვედრა პორტუგალიელ ჟორჟ ფონსეკასთან დამატებით დროში დათმო. რეპეშაჟის ნახევარფინალში ვარლამმა გაფრთხილებით აჯობა  ლატვიელ ევგენის ბოროდავკოს, ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში კი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი დაამარცხა.