ჩემი სათქმელი

03 ოქტომბერი 2017

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის წერილს გახმაურებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით.

ჩემი სათქმელი

საკმაო დრო  გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა სასამართლოში გვიჩივლა.

მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის  სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობას, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა რიგგარეშე სესიის დანიშვნა და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და კანონიერად ცნო შარშანდელი არჩევნების შედეგები.

ეს იყო ლოგიკური დასასრული ხელოვნურად ინსპირირებული პროცესისა, რომელსაც არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში, ამ პროცესის მიმართ მედიისა და ჩვენი საზოგადოების მიერ გამოჩენილი სრულიად ბუნებრივი და გასაგები ინტერესის მიუხედავად, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ვერიდებოდით საჯარო გამოსვლებს ორი ძირითადი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რაკი დავამ სასამართლოში გადაინაცვლა, ჩვენი ადვოკატების მეშვეობით, სწორედ სასამართლო დარბაზში  ვიცავდით სეოკ-ის პოზიციას და ამ საქმეში მედიის გამოყენება, კამათის სხვა სივრცეში გადატანა არაკორექტულად მივიჩნიეთ; მეორეს მხრივ, ოლიმპიური კომიტეტის აქტიურობა შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო, როგორც სასამართლო პროცესზე რაიმე სახის გავლენის მოხდენის მცდელობა, რასაც ასევე მოვერიდეთ.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ამ პოზიციას არ ეთანხმებოდა ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობა და ამის გამო მათგან არაერთი საყვედურიც მივიღეთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ, სწორედ მედიის გამოყენებით, ყველანაირი ეთიკური ნორმების დარღვევით, მეორე „ფრონტი" გახსნა და ბინძური კამპანია წამოიწყო არა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის, არამედ - პირადად ჩემს მიმართ: რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემაში ზედიზედ  გამოქვეყნდა სრულიად აბსურდული და ვითომდა  „მამხილებელი" წერილები. ამასთანავე, ოლიმპიურ კომიტეტში სამი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოდან ერთდროულად შემოვიდა თითქმის იდენტური, ხელმოუწერელი განცხადებები. ეს სააგენტოები, რატომღაც, ერთბაშად დაინტერესდნენ ქართული სპორტის პრობლემატიკით და „კვლევის ჩასატარებლად" ჩვენგან ითხოვდნენ დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა პროქტებზე გაწეული ხარჯების შესახებ (თითოეულ მათგანს მივაწოდეთ შესაბამისი სრულყოფილი მონაცემები, თუმცა „კვლევის" შედეგები დღემდე არ გამოუქვეყნებიათ).

ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს,  ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, ვინ შეუკვეთა   ეს ე. წ. „შავი პიარი." მიუხედავად ამისა, ჩვენ  მაქსიმალურად კორექტულები ვიყავით ჩვენი ოპონენტის მიმართ და მის ყოველ უპასუხისმგებლო საჯარო გამოსვლას, შეკვეთილ სიუჟეტებს თუ წერილებს დუმილით ვპასუხობდით.

ამასთანავე, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდიდით მეტნაკლებად სრულ ინფორმაციას სეოკ-ის სესიისთვის მზადების, სარჩევნო კამპანიის და თავად სესიის მიმდინარეობის, აგრეთვე არჩევნების შედეგების გამოცხადების მერე განვითარებული მოვლენების შესახებ.

თავად ჩვენი ოპონენტი, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, ჩვენგან ასეთ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებს, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებლად მიგვაჩნია იმ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში.

მართალია, მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია  და ამას თბილისის საქალაქო სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილება ადასტურებს, მაგრამ, გარდა სამართლებრივისა, ალბათ, არსებობს სხვა კითხვები და ეჭვებიც,  რომლებიც, შესაძლოა, სეოკ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობის  მიმართ ვინმეს ჰქონდეს.

შესაძლოა, ვინმე დღემდე ფიქრობს, რომ სესიაზე ყველაფერი წესრიგში არ იყო და მოსარჩელის პრეტენზიებს რაიმე საფუძველი ჰქონდა.

შევეცდები, ეს ეჭვები შეძლებისდაგვარად გავფანტო.

*  *  *

გულწრფელად გეტყვით, რომ საარჩევნოდ არ გამომიყენებია არც პარლამენტარის სტატუსი და არც ჩემი ურთიერთობები მმართველ გუნდთან. ავდექი და პირდაპირ ვთქვი _ არავისი და არანაირი დახმარება არ მჭირდება, სპორტული საზოგადოება თავად გადაწყვეტს, ოლიმპიურ კომიტეტში საქმიანობას გავაგრძელებ თუ სხვას აირჩევენ-მეთქი.

უნდა დამიჯეროთ, რომ მართლაც ასე იყო. უცნაურია, მაგრამ ამას ადასტურებს თავად ჩემი ოპონენტის არაერთი განცხადება_ პრეზიდენტის პოსტზე მთავრობას თავისი კანდიდატი არ ჰყავს, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ეს მართლაც სანიმუშო არჩევნებიაო.

 ამას ასე ხშირად ალბათ იმიტომაც იმეორებდა, რომ დელეგატებისთვის შეფარულად ეთქვა _ ნახეთ, ხაბელოვს თავისივე პოლიტიკური გუნდი  მხარს არ უჭერს, ადექით და ხმა მე მომეცითო.

სხვა რამესაც ამბობდა: ჩვენ სპორტსმენები ვართ, საარჩევნო ტაბლოზე რა ციფრებიც დაიწერება, ყველანი იმ ანგარიშს უნდა დავემორჩილოთო.

ტაბლოზე დაიწერა 78-ით 57  ჩემს სასარგებლოდ.

მოვიდა, ხელი ჩამომართვა, გამარჯვება მომილოცა, წარმატებები მისურვა, მედიას კი უთხრა, რომ  ეს იყო გამჭვირვალე არჩევნები, სადაც არავინ არავის არაფერს აძალებდა. ასე გადაწყვიტა სპორტულმა სამყარომ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ."  სესიამდე კი ამბობდა, რომ „ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში, ეს არის თავისუფალი არჩევნები."

მერე, ცოტა ხანში, ოპონენტმა აზრი რადიკალურად შეიცვალა და გეგმის მეორე ნაწილი აამოქმედა _ არჩევნების შედეგები გააპროტესტა და სასამართლოში შესაბამისი სარჩელი შეიტანა.

ნიშანდობლივია, რომ  მოსალოდნელი სასამართლო დავა 23 დეკემბერს, სესიის დამთავრებისთანავე სოციალურ ქსელში დააანონსა ყოფილი კანდიდატის რამდენიმე მხარდამჭერმა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამისთვის სერიოზული ყურადღება არ მიგვიქცევია: მოვლენების ამგვარი განვითარება მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, თავად სესიის მიმდინარეობა და შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებული შეფასებები სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. იმაზე, რომ არჩევნები ოლიმპიური ქარტიის და სეოკ-ის წესდების მოთხოვნების სრული დაცვით ჩატარდა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც დაგვიდასტურა.

მიუხედავად ამისა, ყოფილი კანდიდატი  მეძმარიაშვილი ღიად დაუპირისპირდა ოლიმპიურ კომიტეტს და ხელი მოაწერა სარჩელს, სადაც ასეთი რამე წერია:

1. „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 23.12.2016 წ. საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრული ცვლილებებით, არაუფლებამოსილი იურიდიული პირების მიერ მოხდება კომიტეტის ფუნქციის მოშლა და მისი საქმიანობის პარალიზება, რაც განუზომელ ზიანს მიაყენებს ორგანიზაციას და მოახდენს მისი თანმიმდევრული ორგანიზაციული საქმიანობის განზრახ ხელშეშლას."

2. „სეოკ-ის სესიამ გამოკვეთა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აშკარად თაღლითური მეთოდით იყო მმართველობის (თანამდებობის) შენარჩუნებისთვის ორგანიზებული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიისთვის მზადების მარათონი."

3. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.01.2017 წ. 14558 პასუხით თაღლითური მეთოდით საანგარიშო-საარჩევნო მზადების მარათონი - ფაქტიურად დასაბუთებულია. სახეზეა უტყუარი იურიდიული ძალის მქონე ფაქტობრივი მტკიცებულება, როდესაც პირმა (პირთა ჯგუფმა) 23 დეკემბერს გამართულ სეოკ-ის სესიაზე სეოკ-ის იმ წევრი სუბიექტის მართვის ორგანოს მიერ წარდგენილი დელეგატის სახელით საარჩევნო ხმის უფლებით მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურია და ბუნებაშიც არ არსებობს."

მოკლედ, მოსარჩელემ თაღლითები და ყალბისმქმნელები გვიწოდა, შემდეგ კი დაგვემუქრა: „ამოვარდა მთელი  ეს სიბინძურე. ჯერ სად ხართ. იქ ისეთი ამბები გაირკვევა, მტერს და ავს."

ყოფილი კანდიდატი, რომელიც ცოტა ხნის წინ სესიის დემოკრატიულობაზე და უპრეცედენტო გამჭვირვალობაზე საუბრობდა, გვადანაშაულებს თანამდებობების შენარჩუნების მიზნით  თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის შექმნაში, რაც,  თურმე, „ფაქტიურად დასაბუთებულია."  მთავარ საბუთად მოაქვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 იანვრით დათარიღებული  №14558 პასუხი.

ეს არის პასუხი მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილ კითხვაზე, არიან თუ არა რეესტრში რეგისტრირებული სეოკ-ის წევრი ორგანიზაციები. ამ კითხვაში სეოკ-ის 3 რეგიონალური ორგანიზაციის დასახელება არასწორად არის მითითებული, შესაბამისად _ სააგენტომ უპასუხა, რომ ეს 3 ორგანიზაცია რეესტრში არ იძებნებაო. არადა, სამივე ეს ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის, აფხაზეთის და ქვემო ქართლის ორგანიზაციები - დიდი ხანია რეგისტრირებულია და ამის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შეუძლია.

მიაქციეთ ყურადღება: მოსარჩელემ, შეგნებულად თუ უნებლიედ, საჯარო რეესტრს არასწორი კითხვით მიმართა და იქიდან პასუხიც შესაბამისი მიიღო, მერე კი განგაში ატეხა _ ნახეთ, სეოკ-ის სუბიექტები, თურმე, რეგისტრაციაში არ გაუტარებიათ, სესიის შედეგები უნდა გაუქმდესო.

აქვე მინდა განვმარტო, რომ არც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, არც სეოკ-ის წესდებით, სეოკ-ის წევრი ორგანიზაციების და მათი ფილიალების რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. მიუხედავად ამისა, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციები და  ყველა სხვა სადავო სუბიექტი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

მოსარჩელემ ასევე სადაო გახადა „საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის" უფლებამოსილება, რომელიც ჩვენს წესდებაში ამ დასახელებით არის მოხსენიებული, რეესტრში კი რეგისტრირებულია, როგორც „კახი კახიშვილის სახლობის საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი." მოსარჩელე ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ ესენი სხვადასხვა ორგანიზაციები არიან (თუმცა, ოლიმპიელთა სხვა კლუბი არ არსებობს) და რომ ამ კლუბის მიერ დელეგატად წარდგენილ 5 ოლიმპიურ ჩემპიონს საამისო ლეგიტიმაცია არ გააჩნდა.

წინასაარჩევნო გამოსვლებში ჩვენი ოპონენტი იმას გვსაყვედურობდა, ოლიმპიური ჩემპიონების მონაწილეობის გარეშე არჩევნების ჩატარება დანაშაულიაო და მოგვიწოდებდა, სასწრაფო ზომები მიგვეღო, მაგრამ როცა კახიაშვილმა სესიაზე ღიად დამიჭირა მხარი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიერ დაფუძნებული საქართველოს ოლიმპიელთა კლუბიდან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონები აითვალისწუნა _ თურმე, ესენი, „არალეგიტიმური ჩემპიონები" ყოფილან.

არადა, სწორედ ეს იყო ყველაზე „წონიანი ბრალდებები," რომელიც ოპონენტმა წამოგვიყენა და  მოსამართლის იმ განჩინებაშიც აისახა, რითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დაგვიწესა _ დროებით შეაჩერა სესიის გადაწყვეტილებების მოქმედება.

მოგვიანებით, როცა სასამართლოში შესაგებელი და მოსარჩელის ცრუ ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარვადგინეთ, მოსამართლემ დაუყოვნებლივ  გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება და სრულად აღადგინა სეოკ-ის ახალარჩეული აღმასკომის ლეგიტიმაცია, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ კი, როგორც იცით, უსაფუძვლოდ სცნო ძირითადი სასარჩელო მოთხოვნაც.

ღიმილის მომგვრელი იყო ოპონენტის მიერ სარჩელში გამოთქმული „შიში" იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სასამართლო საქმეში დროულად არ ჩაერევა, არაუფლებამოსილი იურიდიული პირების მიერ მოხდება კომიტეტის ფუნქციის მოშლა და მისი საქმიანობის პარალიზება, რაც განუზომელ ზიანს მიაყენებს ორგანიზაციას."  

რა გამოდის: ჩვენ, თურმე, იმისთვის ვიბრძოლეთ და იმიტომ დავრჩით ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაში, რომ „ფუნქცია მოვუშალოთ, პარალიზება მოვახდინოთ, განუზომელი ზიანი მივაყენოთ კომიტეტს."

 გამოდის, რომ წინა  წლებშიც სხვა არაფერი გვიკეთებია, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური კომიტეტი მიწასთან გაგვესწორებინა. მაგრამ რადგან პირველ ოთხ წელიწადში ეს ვერ მოვახერხეთ, „თაღლითური მეთოდით" თანამდებობები შევინარჩუნეთ, რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული მავნებლური საქმე.

და აი,  მეძმარიაშვილი მიხვდა ჩვენს ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს და ასე უშიშრად ამიტომაც გაილაშქრა ქართული ოლიმპიური მოძრაობის გადასარჩენად.

მომიტევეთ, მაგრამ სხვაგვარად, იუმორის გარეშე, შეუძლებელია ასეთ თემებზე საუბარი.

მე დიდი ხანია ოლიმპიურ მოძრაობაში ვარ: ჯერ როგორც წარმატებული სპორტსმენი და ოლიმპიელი, მერე როგორც ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამჟამად კი _ პრეზიდენტი. ჩემს კოლეგებთან ერთად, ამ წლების განმავლობაში არაერთი კარგი და საჭირო საქმე გვიკეთებია, საზოგადოებისგან მადლობა დაგვიმსახურებია, საერთაშიროსო ოლიმპიური კომიტეტისგან კი უპეცედენტო აღიარება მიგვიღია.

 წარმატებული იყო ბოლო ოლიმპიური ოთხწლეულიც. თვალშისაცემი წინსვლა გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით, რაც დასტურდება კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით. გვაქვს სერიოზული სპორტული მიღწევები, უმაღლესი დონის ტურნირებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებები. ამავე დროს, გავაქვს პოტენცია და ამბიციაც, რომ უკეთესი შედეგები დავდოთ.

***

არ მინდა იურიდიული დეტალებით თავი შეგაწყინოთ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი ჩვენი ოპონენტის კიდევ ერთ ერთ შუამდგომლობას, რომელიც სასამართლოში 27 მარტს წარადგინა. ამ შუამდგომლობაში წერია: „თქვენს განხილვაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებების სახით წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემოთ მითითებული წევრების სარეგისტრაციო დოკუმენტებს."

მერე ჩამოთვლილია სეოკ-ის წევრი 6 ორგანიზაცია. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემია, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სხვ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „აღნიშნული მტკიცებულებები (ამ ორგანიზაციების წესდებები) ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქვემოთ მითითებული სუბიექტების სეოკ-ში გაწევრიანება მოხდა ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნების, კერძოდ კი ქარტიის 28.2.2. პუნქტის დარღვევით, ვინაიდან აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ არც სპორტულ ჯგუფებს და არც _ სპორტული ორიენტაციის ორგანიზაციებს."

თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვენი წესდების თითოეული მუხლი, თითოეული წინადადება და სიტყვა შეთანხმებულია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, მაშასადამე _ სრულად პასუხობს ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნებს, რაც დადასტურებულია ლოზანიდან მიღებული ოფიციალური წერილით.  

ასეც რომ არ იყოს, ნუთუ შეიძლება სერიოზულად ამტკიცო, რომ, მაგალითად, ეროვნული ოლიმპიური აკადემია ან საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია „სპორტული ორიენტაციის" ორგანიზაციები არ არიან  და ამის გამო მათ სესიაზე დელეგატის წარდგენის უფლება არ უნდა ჰქონდეს?! და ეს ერთ-ერთ არგუმენტად მოიტანო იმისათვის, რომ სასამართლომ სესიის გადაწყვეტილებები გააუქმოს?!

პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, გარდა შარშანდელი არჩევნების შედეგების გაბათილებისა, სურვილი ჰქონდა სააშკარაოზე გამოეტანა „ყველა დანაშაული," რაც სეოკ-ის  ადრინდელ ხელმძღვანელობას „ჩაუდენია." ერთ-ერთ ერთ საჯარო გამოსვლაში მან თქვა, რომ ამ ეტაპზე მინდა ამოვწიო ყველაფერი და ვაჩვენო ყველას, რა დარღვევებით ხდებოდა არჩევნები ამ 25 წლის განმავლობაში"...

 როგორც ხედავთ, მეძმარიაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა არა მარტო სეოკ-ის დღევანდელი მმართველი გუნდის, არამედ მთელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ლეგიტიმურობა და გული ატკინა იმ ადამიანებს, ვინც ამ მოძრაობის სათავეში იდგა.  მათ შორის, სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტებს_ ნონა გაფრინდაშვილს და ჯანო ბაგრატიონს, რომლებმაც წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ სესიის შედეგები სასამართლოს განხილვის საგნად იქცა.

ქალბატონი ნონას და ბატონი ჯანოს მიერ ხელმოწერილ და მედიაში გამოქვეყნებულ უწყინარ წერილს, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ასე უპასუხა:ახალი არჩევნების შემდეგ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ოლიმპიური და სპორტული საზოგადოების ცხოვრება... როცა ძირი დამპალი აქვს, ხე ნაყოფს ვერ გამოისხამს."

ე.ი. რაც აქამდე იყო,  უვარგისი და გადასაგდებია, ამიტომაც ძირფესვიანად უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი და ამ საქმეს სათავეში მე ჩავუდგებიო.

 

***

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობის მთელი 28 წლის განმავლობაში, სეოკ-ი ითვლებოდა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოწესრიგებულ, კანონისა და წესის მიმდევარ ორგანიზაციად და ეს აღიარებულია არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე (ერთადერთი გაუგებრობა მოხდა 2007 წელს, როცა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები უცერემონიოდ შემოიჭრნენ სეოკ-ში და აღმასკომის წევრებზე უხეში ზეწოლით გადააყენეს მოქმედი პრეზიდენტი. მე ამ მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი და კარგად ვიცი, რა და როგორ იყო).

ოლიმპიური კომიტეტის უმთავრესი სამოქმედო დოკუმენტია წესდება. სეოკ-ის მოქმედი წესდება დამტკიცებულია 2013 წლის 2 მაისის სეოკ-ის სესიაზე; დაზუსტებული, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებული საბოლოო რედაქცია კი დამტკიცდა 2014 წლის 22 დეკემბრის სესიაზე.

2015 წლის 16 იანვარს ჩვენი წესდება დაამტკიცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტმა და ამის თაობაზე გამოგვიგზავნა ოფიციალური წერილი, რომელიც თან ახლავს წესდების ბეჭდურ ვერსიას.

წესდების მიმართ არასდროს და არავის, სეოკ-ის არც ერთ წევრს რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს. მაშასადამე, წესდება მიღებულია კანონიერად და მისი ყველა დებულება მოქმედუნარიანია.

წესდების რევიზიის უფლება, გარდა სეოკ-ის სესიისა, არავის არა აქვს. მით უმეტეს, ყოფილ კანდიდატს, რომელიც არ არის სეოკ-ის წევრი და დღეს საერთოდ არანაირი შემხებლობა არა აქვს ოლიმპიურ მოძრაობასთან.

რასაკვირველია, როცა 2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო სესიას ამზადებდა, აღმასკომი წესდების ნორმებით ხელმძღვანელობდა. ამ წესდებაში დეტალურად არის ჩამოთვლილი იმ სუბიექტების ნუსხა, რომლებიც სეოკ-ის წევრები არიან. სწორედ ამ ჩამონათვალის მიხედვით და სპორტული ორგანიზაციებიდან მიღებული წერილების საფუძველზე მოხდა სესიის დელეგატთა სიის ფორმირება. უკლებლივ ყველა ორგანიზაცია, რომელთა უფლებამოსილებას ეჭვქვეშ აყენებდა მოსარჩელე, ჩამოთვლილია უშუალოდ სეოკ-ის წესდებაში.

როგორც კი ჩამოყალიბდა დელეგატთა სრული შემადგენლობა, სია გამოქვეყნდა საჯაროდ. მოსარჩელეს ამ სიასთან დაკავშირებით რაიმე არსებითი შენიშვნა არ ჰქონია. ის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ხვდებოდა დელეგატებს, მათ შორის იმათაც _ ვისი ლეგიტიმურობაც მოგვიანებით ეჭვქვეშ დააყენა.

სესიისთვის მზადების პერიოდში, სესიის მიმდინარეობისას და დღემდე _  არავის, გარდა მოსარჩელისა, სადაოდ არ გაუხდია დელეგატთა ლეგიტიმურობის საკითხი. სეოკ-ის არც ერთ სუბიექტს არ განუცხადებია, რომ დელეგატობა ამას და ამას ეკუთვნოდა და სეოკ-მა სხვა პიროვნება დაარეგისტრირაო.

მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთ პიროვნება, რომელსაც წესდებით ეკუთვნოდა დელეგატის სტატუსი და ამის საშუალება სეოკ-მა არ მისცა.

ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს.

სესიაში მონაწილე  ორგანიზაციების 99 პროცენტს, მათ შორის  _ 41 სპორტულ ფედერაციას სესიაზე დელეგატებად წარმოადგენდნენ  ამ ორგანიზაციების პრეზიდენტები.

ამის მიუხედავად, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი შეტევაზე გადმოვიდა და დაუპირისპირდა არა მხოლოდ სეოკ-ის მოქმედ ხელმძღვანელებს, არამედ _მთელი ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ინტერესებს, როცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, ფაქტების მანიპულაციით და სხვა ამგვარი მეთოდებით ცდილობს მიაღწიოს საწადელს.

მეძმარიაშვილმა, რასაკვირველია, სერიოზული მორალური ზიანი მიაყენა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, მის სახელს და რეპუტაციას.

მან არა მარტო სასამართლოში იჩივლა, არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც მიმართა წერილით _ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ცუდი ამბები ხდება და სასწრაფოდ მიიღეთ ზომებიო.

რასაკვირველია, სოკ-ს მივაწოდეთ შესაბამისი ინფორმაცია, იქიდან კი მოგვწერეს, თქვენი ახალარჩეული ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას უპირობოდ ვაღიარებთ, ასეთ არასერიოზულ თემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთო.  თავად საჩივრის ავტორი კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს. ამასთან ერთად, გაკვირვება გამოთქვეს იმის გამო, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი სამოქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.

სხვათა შორის, 23 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სამი დღით ადრე, მოსარჩელემ თავადვე კატეგორიულად გამორიცხა სასამართლოზე რაიმე ზეწოლის შესაძლებლობა (ჩვენ, როგორც იქნა, გვაქვს დამოუკიდებელი, ობიექტური და მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლო. ვინც არ უნდა ეცადოს, მოსამართლეს ქართულ სასამართლოში გადაწყვეტილებას სათავისოდ ვერ შეაცვლევინებს"), მაგრამ დავა რომ წააგო, მერე საწინააღმდეგოს მტკიცება დაიწყო _ მოსამართლემ დეპუტატების ზეწოლას ვერ გაუძლო, ეს რა ცუდი სასამართლო გვქონია, ჩემთვის ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო, თუმცა წარმოსადგენი აღმოჩნდა".

 

***

ვინც მე კარგად მიცნობს, დამემოწმება, რომ თმენის უნარი გამაჩნია, მაგრამ როცა საჭიროდ ჩავთვლი, სათქმელს პირდაპირ ვამბობ.

რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის  უფლებაა, არჩევნებში იყაროს კენჭი და იბრძოლოს ამა თუ იმ პოსტის დასაკავებლად, ოღონდ, უნდა დაიცვას მიღებული თამაშის წესები  მთელი ამ პროცესის განმავლობაში.

ასევე, ნებისმიერი ჩვენგანის უფლებაა მხარი დავუჭიროთ იმას, ვინც, ჩვენი აზრით, საქმეს უკეთესად გაუძღვება.

მაგრამ, არ ვარგა,  როცა კაცი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს, როცა შენ მეგობრობას გეფიცება და გვერდში დგომას გპირდება, მაგრამ როგორც კი თვალს მოეფარება, საპირისპიროს აკეთებს.

 დადასტურებულად ვიცი, რომ არჩევნებამდეც და მერეც სწორედ ასე იქცეოდა რამდენიმე ჩემი კოლეგა. ამ ადამიანებს სპორტში საკმაოდ მაღალი თანამდებობები უკავიათ. სწორედ  მათი წაქეზებით („შენ მიდი და ჩვენ აგერ ვართ") გათამამებული ყოფილი კანდიდატი იმაზე მეტს შეეჭიდა, ვიდრე  ამის ძალა შესწევდა. მათი ასეთი საქციელით, სამწუხაროდ, დაზარალდა ჩვენი სპორტი - ჩრდილი მიადგა ოლიმპიური კომიტეტის რეპუტაციას, ბზარი გაჩნდა ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართული სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთოებებში.

 დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ობიექტურად აფასებს.

რაც შეეხება  თავად ირაკლი მეძმარიაშვილს, მასთან მრავალი წლის საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს, ვმეგობრობდით კიდეც. ამიტომაც,  ადამიანურად, განსაკუთრებით მტკივნეულად განვიცადე ის, რაც სესიის შემდეგ მოხდა.

 მან, სამწუხაროდ, არ დატოვა იმის შანსი, რომ ჩვენი ურთიერთობა რაიმე ფორმით გაგრძელდეს.

ვფიქრობ, მან არც იმისი შანსი დაიტოვა, რომ ოდესმე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელად მოვიდეს.

ლერი ხაბელოვი,

 საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.