„ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტი და იაპონიის ანტისადოპინგო სააგენტო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

04 ოქტომბერი 2017

„ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა და იაპონიის ანტისადოპინგო სააგენტომ (JADA) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.  

ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე ანტისადოპინგო  ტესტირების პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული იქნება JADA-ს ანტისადოპინგო გამოცდილება.  „ტოკიო-2020"-ზე  JADA  უზრუნველყოფს დოპინგის საკონტროლო სადგურების  ოპერატიულ მხარდაჭერას და მართვის კონტროლს. ამისთვის ის მოამზადებს დოპინგკონტროლის ოფიცრებს და ყველა იმ პირს, რომელთაც შეხება ექნებათ ანტიდოპინგურ პროგრამასთან.

 უშუალოდ  ოლიმპიურ სოფელში განთავსებულ  ლაბორატორიაში სპორტსმენთა ტესტირებას ჩაატარებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA), ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი კი პასუხისმგებელი იქნება ნიმუშების მომზადება-შეგროვებაზე, ასევე ტესტირების ზოგადი გეგმისა და პროცედურების განსაზღვრაზე.

„ტოკიო-2020"-ზე  სავარაუდოდ,  6 500 ტესტს ჩაუტარდება ანალიზი, რომლის პასუხიც 24 საათში უნდა იყოს მზად, რაც დიდ  ადამიანურ რესურსს _  დაახლოებით 200 ლაბორანტ-ოფიცერს საჭიროებს. მათი მოძიება საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე დაიწყო JADA-სთან ერთად.

მას შემდეგ, რაც ტოკიომ 2020 წლის ოლიმპიადის დედაქალაქის სტატუსი მიიღო, იაპონიის ოფიციალურმა პირებმა დააყენეს საკითხი,  დოპინგის მოხმარება დაემატოს  ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. 

1964 წლის შემდეგ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში მეორედ ტარდება. საინტერესოა, რომ ანტიდოპინგურ ისტორიაში  „ტოკიო-1964"  იყო ბოლო ოლიმპიადა, რომელიც დოპინგ- ტესტირების გარეშე ჩატარდა. არადა,  ამ პროცესს საფუძველი ჩაეყარა 1964 წელს, სწორედ ტოკიოში ჩატარებულ  სპორტული მეცნიერების მსოფლიო კონგრესზე, ტესტირების პროგრამა  კი პირველად დაინერგა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე.