საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 28 წლისაა

06 ოქტომბერი 2017

დღეს  6 ოქტომბერს, საქართველოს  ეროვნული  ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში   გაიმართა სეოკ-ის დაფუძნების  28 წლისთავისადმი  მიძღვნილი საიუბილეო  ღონისძიება.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ  სპორტისა  და  ახალგაზრდობის   საქმეთა  მინისტრი  ტარიელ ხეჩიკაშვილი,  სპორტული  ფედერაციების  ხელმძღვანელები,  სეოკ-ის აღმასკომის წევრები,  ოლიმპიური  ჩემპიონები  და  პრიზიორები,  სხვა  სახელოვანი  სპორტსმენები.

დამსწრე  საზოგადოებას  მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან გაიხსენა სეოკ-ის დაფუძნების და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაწევრიანების პერიპეტიები, მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის ისტორია, ჩვენი სპორტსმენების მიერ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებები. სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ მოღვაწეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ოლიმპიურ მოძრაობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოლიმპიზმის პოპულარიზაციაში.

ამის შემდეგ ლერი ხაბელოვმა საზეიმო  ვითარებაში შესაბამისი  სერთიფიკატი  გადასცა  2020  წლის  ზაფხულის  ოლიმპიური თამაშების  სტიპენდიანტ 19 ქართველ   სპორტსმენს,  რომელთაც  სტიპენდია  სეოკ-ის შუამდგომლობით  სოკ-ის ოლიმპიური  სოლიდარობის  პროგრამული  დაფინანსებით  დაენიშნათ. ხაბელოვმა სტიპენდიანტებს და მომავალ ოლიმპიელებს აქტიური ვარჯიშისკენ მოუწოდა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამი წლის შემდეგ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშეზე საქართველოს დელეგაცია ღირსეულად წარსდგება.

დღესვე სეოკ-ის  პრეზიდენტმა დიპლომები  გადასცა  სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით ჩატარებული სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების  18 კურსდამთავრებულს.

საქართველოს  ეროვნულმა  ოლიმპიურმა  კომიტეტმა  დღევანდელ ღონისძიებაზე   ოლიმპიურ  თამაშებში  გამარჯვების  65  წლის  იუბილე  მიულოცა  და  ფულადი  ჯილდო გადასცა  ოლიმპიურ  ჩემპიონს  ძალოსნობაში   რაფაელ  ჩიმიშკიანს. მას მიესალმნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძალოსოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი არჩილ გოგელია და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.

ასევე  გაიმართა  ოლიმპიური მედლის გადაცემის  ცერემონია. პეკინის  ოლიმპიური  თამაშების ვერცხლის  მედალი  გადაეცა  საქართველოს  ძალოსანთა  ნაკრების  ყოფილ წევრს, ამჟამად   პოლონეთის  სახელით მოასპარეზე  ძალოსან არსენ  კასაბიევს.  

პეკინისა  და ლონდონის  ოლიმპიური თამაშების  დოპინგ-სინჯების გადამოწმებისას 94  კილოგრამი წონითი  კატეგორის   ძალოსანთა საპრიზო სამეულში შესული  ორი  სპორტსმენის  სისხლში  აკრძალული  პრეპარატის  კვალი აღმოჩნდა _ დოპინგის მიღებაში  ამხილეს  ჩემპიონი ილია  ილინი (ყახახეთი)  და  ბრინჯაოს  მედლის  მფლობელი ჰაჯიმურატ  აკაევი (რუსეთი),  რასაც  დაუყოვნებლივ  მოჰყვა სოკ-ის გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონად იწოდებოდეს  მეორე  ადგილოსანი  პოლონელი შიმონ  კოლეცკი, ვერცხლის  მედლის მფლობელად  გამოცხადდეს საქართველოს  ნაკრების  ყოფილი წევრი  არსენ კასაბიევი, ხოლო  მესამე ადგილზე აღზევდეს კუბელი  იოანდრი ერნანდესი.

39-ოქრო, 31-ვერცხლი, 56-ბრინჯაო _ დღევანდელი მონაცემებით 126  ოლიმპიური მედალი  გვაქვს!