სოკ-მა ბრაზილიის ოლიმპიურ კომიტეტს სანქციები დაუწესა

07 ოქტომბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საგანგებო განცხადება გააკეთა ბრაზილიის  ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, „რიო-2016"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, კორუფციაში ეჭვმიტანილ კარლოს ნუზმანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნუზმანს დაუყოვნებლივ შეუჩერდა სოკ-ის საპატიო წევრობა და ამ სტატუსთან დაკავშირებული ყველა პრივილეგია. ამას გარდა, ის გამოწვეულია 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის წევრობიდან.

რაც შეეხება უშუალოდ ბრაზილიის ოლიმპიურ კომიტეტს (COB), სოკ-ის განცხადებით, COB-ი და მისი პრეზიდენტი კარლოს ნუზმანი პასუხისმგებელნი არიან რიო დე ჟანეიროს კანდიდატურაზე, ამიტომაც COB-ის საქმიანობა დროებით შეჩერებულია.

ოლიმპიური ქარტიის 59-ე წესის თანახმად, სოკ-მა გაყინა სუბსიდირება და გადარიცხვები; COB-ს არა აქვს უფლება, თავისი წევრობა განახორციელოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციებში; ბრზაილიელი სპორტსმენების უფლებების დასაცავად, ეს გადაწყვეტილებები არ შეეხება უშუალოდ სპორტსმენებს: „ამიტომაც, სოკ-ი ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდს დაუშვებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პიონჩანგში, აგრეთვე სხვა შეჯიბრებებში COB-ის უფლებების და ვალდებულებების შენარჩუნებით," _ ნათქვამია სოკ-ის განცხადებაში. 

ბრაზილიელი სპორტსმენები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღებენ ოლიმპიურ სტიპენდიებს.

ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული სანქციები ნაწილობრივ ან მთლიანად მაშინ გაუქმდება, როცა COB-ის საქმიანობა  დააკმაყოფილებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მოთხოვნებს.

სოკ-ი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მომავალშიც მტკიცედ დაიცავს სპორტის ერთიანობას და ოლიმპიური მოძრაობის რეპუტაციას. სოკი-ი მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და პროცესის მონიტორინგის მიზნით თხოვნით მიმართავს მათ, სოკ-ის ეთიკის კომისიას დროულად მიაწოდონ ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

75 წლის კარლოს ნუზმანთან ერთად ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა ასევე დააპატიმრეს „რიო-2016"-ის გენერალური დირექტორი ლეონარდო გრინერი. მათ ბრალად ედებათ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის რიოს კანდიდატურის  მხარდასჭერად დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, სოკ-ის რამდენიმე ყოფილი წევრის მოსყიდვა, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ფულის გათეთრება.