საკამათო გადაწყვეტილება

07 ოქტომბერი 2017

ევროპის  2018 წლის  ჩემპიონატი  ძალოსნობაში, ნაცვლად ადრე გამოცხადებული მარტისა, შემოდგომაზე ჩატარდება ანტალიაში. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ვებ-გვერდი insidethegames.biz. როგორც  ვებ-გვერდი იტყობინება, ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა (EWF) და თურქეთის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა (აქამდე, ტრადიციულად, კონტინენტის პირველობა სწორედ გაზაფხულზე იმართებოდა და წინ უსწრებდა მსოფლიოს ჩემპიონატს), თუმცა EWF-ს ჯერჯერობით ამის თაობაზე ოფიციალური ცნობა არ გამოუქვეყნებია.

თურქეთი იმ 9 ქვეყანას (ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსი, თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი) შორის არის, რომელთაც  ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს 30 სექტემბრის დადგენილებით, ერთი წლით აეკრძალათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. IWF-მა ერთწლიანი დისკვალიფიკაციით ის ქვეყნები დასაჯა, რომელთა 3 ან მეტი ძალოსანი ამხილეს 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე აღებული დოპინგ-სინჯების გადამოწმებისას.

ცხადია, „შავ სიაში" მოხვედრილი ქვეყანა (თურქეთი) ევროპის ჩემპიონატს ადრე გამოცხადებულ ვადებში ვერ უმასპინძლებდა და, შესაბამისად, ამიტომაც მოინდომეს თარიღის იქამდე გადაწევა, როცა  სანქციის დრო უკვე გასული იქნება. 

თუ insidethegames.biz-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, საინტერესოა,  როგორი რეაქცია მოჰყვება ევროპელი კოლეგების ამ საკამათო გადაწყვეტილებას საერთაშორისო ფედერაციაში, რომელსაც სათავეში უდგას ტამაშ აიანი. 78 წლის უნგრელი წლეულს, მაისში მეხუთე ვადით აირჩიეს IWF-ის პრეზიდენტად, მისი მთავარი ოპონენტი კი სწორედ ევროპული ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, იტალიელი ანტონიო ურსო იყო ( სხვათა შორის, ამ ფედერაციაში გენერალური მდივნის პოსტი უკავია თურქ ჰასან აკუსს).

ჯერჯერობით IWF-ს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. „ჩვენ არ მიგვიღია არანაირი წერილობითი განცხადება ამ საკითხის შესახებ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებთ,"_ განაცხადა IWF-ს პრეს-სპიკერმა insidethegames-სთან საუბრისას.

ზემოთ ჩამოთვლილი 9 ქვეყნის ძალოსნები (რომელთა შორის 7 ევროპული ქვეყანაა) ვერ გამოვლენ წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ანაჰაიმში (აშშ) 28 ნოემბერს დაიწყება.