საერთაშორისო ოლიმპიური ფორუმი - „წარმატებული ქალები ლიდერებად"

11 ოქტომბერი 2017

ლიტვის დედაქალაქი  ვილნიუსი მასპინძლობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ორგანიზებულ ფორუმს - „წარმატებული ქალები ლიდერებად." ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან მიწვეულნი არიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სეოკ-ის კომისიის - „ქალები და სპორტი" - თავმჯდომარე, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ევროკავშირის კომისიის წევრი რუსუდან აფციაური.

სოკ-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სპორტულ ორგანიზაციებში ქალთა ლიდერობისა და გენდერული ბალანსის დაცვის საკითხები ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს. ფორუმის „წარმატებული ქალები ლიდერებად" დაწყებამდე ლიტვის ოლიმპიურმა კომიტეტმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა ლიტვის ეოკ-ის აღდგენის და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის 25 წლის იუბილე. სადღესასწაულო ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ  სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იანეშ კოსიანჩიჩი, EOC-ის გენერალური მდივანი რაფაელე პანიოცი, ლიტვის სახელმწიფო მინისტრი,  ეოკ-ების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები.

რაც შეეხება უშუალოდ ფორუმს, გენდერული თანასწორობის საკითხებს და ამ სფეროში არსებული ხარვეზების დაძლევის გზებსა და გეგმებს დაეთმო ორი პლენარული სესია, რომლებზეც სოკ-ის პრეზიდენტის, EOC-ის მოქმედი  პრეზიდენტის, ლიტვის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისა და მოწვეული ექსპერტების მიერ განხილულ იქნა ქალთა ლიდერობასთან დაკავშირებული ასპექტები, კერძოდ: ქალების მხარდაჭერა და წარმოჩენა სპორტული ორგანიზაციების მმართველ პოზიციებზე; გენდერული ბალანსის უზრუნველყოფა, როგორც სპორტული ორგანიზაციების კარგი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი; განათლება,როგორც ქალთა ლიდერობის მთავარი ასპექტი და სხვა.

სოკ-ის პრეზიდენტმა სპეციალურად ორგანიზებულ ვახშამზე მიიწვია ფორუმში მონაწილე ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები.

სოკ-ისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ  მხარი დაუჭირონ  ევროპის ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების  ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება სპორტში გენდერული ბალანსის დაცვისაკენ.