დო ჩონ-ხვანი: ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ოლიმპიადა

11 ოქტომბერი 2017

სამხრეთ კორეის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა დო ჩონ-ხვანმა ზამთრის თამაშებისადმი მიძღვნილი მასშტაბური კულტურული პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იქნება „ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ოლიმპიადა."

სეულში გამართულ საზეიმო ცერემონიას 23 ქვეყნის დიპლომატები ესწრებოდნენ.

„ეს ოლიმპიადა ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას,"-აღნიშნა დო ჩონ-ხვანმა.

საოლიმპიადო კულტურული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები - სპექტაკლები, გამოფენები, კონცერტები 5 ნოემბრამდე გაგრძელდება და სამხრეთ კორეის 46 ქალაქს მოიცავს.

„ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთელი მსოფლიო მხარს დაუჭერს ზავის რეზოლუციას, რომელიც 13 ნოემბერს იქნება მიღებული," - განაცხადა მინისტრმა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სწორედ 13 ნოემბერს უყრიან კენჭს სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ წარდგენილ „ოლიმპიური ზავის" რეზოლუციას, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების საკითხები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მეზობელმა  ჩრდილოეთ კორეამ ზედიზედ გამოსცადა ბირთვული რაკეტები და  საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებს.

ასეთი ვითარების საპასუხოდ, საფრანგეთის სპორტს მინისტრმა  ლორა ფლესელმა  განაცხადა, რომ თუ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაცული არ იქნება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, მისი ქვეყნის გუნდი არ გაემგზავრება სამხრეთ კორეაში. იგივე შინაარსის განცხადება გაკეთდა ავსტრიაშიც.

მოგვიანებით, საფრანგეთის ეროვნული ოლიმპიური და სპორტის კომიტეტის პრეზიდენტი დენი მასელია, ფაქტობრივად, გაემიჯნა ფლესელს, როცა მედიას განუცხადა, რომ ქვეყნის ოლიმპიური გუნდი არ გეგმავს ოლიმპიადის გამოტოვებას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყურადღებით აკვირდება  კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციას და ბოლო თვეების განმავლობაში მჭიდრო კავშირი აქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან და გაერო-სთან.

პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების საკითხები იყო ძირითადი თემა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინისა და  და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახი  შეხვედრისა, რომელიც სექტემბერში ნიუ-იორკში შედგა. მაშინ ორივე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თამაშებზე უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

 პიონჩანგი, სადაც 8-29 თებერვალს ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, მხოლოდ 80 კილომეტრით არის დაშორებული ჩრდილოეთ კორეის საზღვარს.