WOA-ს დირექტორის ინიციატივა - მიკროჩიპი სპორტსმენებისთვის

13 ოქტომბერი 2017

ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის (WOA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ მილერმა განაცხადა, რომ დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია რადიკალური ზომების მიღება. იგი გამოვიდა ინიციატივით, სპორტსმენებს ჩაუყენონ მიკროჩიპი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ანტისადოპინგო წესების დაცვის კონტროლი, რაც გამოიწვევს დოპინგის მიღების ფაქტების შემცირებას.

„დოპინგის გამოყენების შესაჩერებლად უნდა მივმართოთ შესაბამის ტექნოლოგიებს - ჩავუყენოთ ჩიპი სპორტსმენებს," - აცხადებს მილერი, რომელიც თვლის, რომ ამ შემთხვევაში სპორტსმენის პირად სივრცეში შეჭრა გამართლებული იქნება, რადგანაც, „სპორტი საზოგადოებრივი კლუბია და ამიტომაც, ადამიანები მასში არ უნდა გაერთიანდნენ, თუ მის წესებს არ დაიცავენ."  

მილერი თვლის, რომ  მიკროჩიპი საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ტექნოლოგიებით მანიპულირების პრობლემა და  გახდება გარანტი იმისა, რომ სპორტსმენის ორგანიზმში დოპინგი ვერ მოხვდება. 

WOA აერთიანებს ოლიმპიელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეისთვის ამ ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 100 ათასს აღწევს. WOA-ს ამოცანაა ოლიმპიელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.