რუსეთი WADA-ს ინფორმატორის ინტერპოლის ცირკულარში შეყვანას ითხოვს

18 ოქტომბერი 2017

რუსმა სამართალდამცველებმა ინტერპოლს რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხემძღვანელის, WADA-ს ინფორმატორის გრიგორი როდჩენკოვის დაკავებისა და მისი რუსეთში ექსტრადირების თხოვნით მიმართა.  

არსებული რეგულაციებით, რუსეთის ამ თხოვნას განიხილავს ინტერპოლის გენერალური სამდივნო და დადებითი პასუხის შემთხვევაში, როდჩენკოვის ძებნისა და დაკავების შესახებ ინფორმაცია დაეგზავნებათ ინტერპოლის წევრი ქვეყნების ბიუროებს.  თუმცა, გენერალურ სამდივნოს  უფლება აქვს უარი უთხრას რუსეთს  იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ არ არსებობს როდჩენკოვის წინააღმდეგ  საკმარისი მტკიცებულებები, ან თუ ჩათვლის, რომ  საქმეს პოლიტიკური საფუძველი აქვს.

გრიგორი როდჩენკოვს  ბასმანის რაიონულმა სასამართლომ 28 სექტემბერს  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას ბრალად ედება „სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები." პროკურატურის  მტკიცებით, როდჩენკოვი სპორტსმენებს აძლევდა დოპინგს  და აკრძალულ პრეპარატს ასაღებდა ვიტამინად, თავად სპორტსმენებმა კი არ იცოდნენ, რა სახის მედიკამენტს ღებულობდნენ. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, როდჩენკოვისთვის წაყენებული მძიმე ბრალდება 10-წლიან საპატიმრო სანქციას ითვალისწინებს.

ორშაბათს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა როდჩენკოვის ადვოკატის სარჩელი, რომლითაც მან ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და კანონიერად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

როდჩენკოვი 2006-2015 წლებში სათავეში ედგა რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიას, 2016 წლის იანვარში კი დატოვა რუსეთი და თავი შეაფარა ამერიკას. მან სწორედ აშშ-ში გააკეთა ხმაურიანი განცხადება რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების სახელმწიფო სისტემის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც აგორდა ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალი.