პირველი დღე, პირველი ოქრო

18 ოქტომბერი 2017

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც 83 ქვეყნის 590 სპორტსმენი მონაწილეობს.

 55 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იჭიდავა საქართველოს ნაკრების უმჩატესმა  წევრმა ჯაბა პაპინაშვილმა და ჩემპიონატის პირველივე დღეს ოქროს მედალს დაეუფლა.

ჯაბამ ფინალამდე 4 მეტოქეს აჯობა:  ფრანგ ტეო რაულ ჰებრარდს (ვაზარით), ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბეს (გაფრთხილებით), მონღოლ უნუბოლდ ლხაგვაჯამს (იპონით) და ყაზახ ბაუირჟან ნარბაევს (ვაზარით).

საჩემპიონო ბრძოლაში ჩვენი მოჭიდავის მეტოქე იყო ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ნათიგ გურბანლი. პაპინაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა ორი ვაზარით მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ამავე წონაში გამოდიოდა ვანო ნინიაშვილიც, რომელიც ნახევარფინალში სწორედ აზერბაიჯანელ გურბანლისთან დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა.

ზაგრების ტატამზე კიდევ 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ოქტომბერს დასრულდება.