„წარმატებული ქალები ლიდერებად" - საერთაშორისო ფორუმის დეკლარაცია

20 ოქტომბერი 2017

ამ დღეებში ვილნიუსში გამართული საერთაშორისო ფორუმის - „წარმატებული ქალები ლიდერებად" -  დელეგატებმა  მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია:

1.    გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს ქალთა საკითხს, ის ადამიანის უფლებაა და მისი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება, ყველა ადამიანის  ინტერესებშია.

2.    ოლიმპიური მოძრაობა ღირებულებათა სისტემას ეფუძნება და ასევე უნდა იყოს მისი ორგანიზაციების მართვის კუთხითაც. გენდერული თანასწორობა ოლიმპიზმის ერთ-ერთი ღირებულებაა და იგი კარგი მმართველობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს.

3.    დაბალანსებული ლიდერობა= უკეთეს ლიდერობას= უკეთეს მმართველობას. დაბალანსებული  ლიდერობა სპორტული მოძრაობის პრინციპების  სრულყოფილად განხორციელების წინაპირობაა.

4.    გენდერული უთანასწორობა გულისხმობს მრავალ დაკარგულ შესაძლებლობასა და პოტენციური რისკების საფრთხეს.  ერთგვაროვნება გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია.

5.    არაფერი შეიცვლება ქალებისა და მამაკაცების ძალისხმევის გაერთიანების გარეშე, თუ დღევანდელი სპორტის ლიდერები არ დაისახავენ მიზნად თავიანთ ორგანიზაციებში გენდერული ბალანსის მიღწევას.

6.    მიზნის მისაღწევად აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ინსტიტუციონალური ტრანსფორმაცია, რომელიც თავის მხრივ სტრატეგიულ მიდგომას მოითხოვს.  ევროპის სპორტული მოძრაობის ლიდერების მიერ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით სტრატეგიების მხარდაჭერა და  განხორციელება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

7.     ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სტრატეგია და სამუშაო გეგმა გათვალისწინებული იყოს ყოველი ცალკეული ქვეყნის, რეგიონისა და ორგანიზაციის კულტურულ, ისტორიულ და გეოგრაფიულ კონტექსტში. ადგილობრივ დონეზე პროგრესის მისაღწევად აუცილებელია ვაღიაროთ ეტაპობრივი განვითარება.

8.    სპორტის  ხელმძღვანელებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კულტურული და სტრუქტურული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია გენდერულად დაბალანსებული ხელმძღვანელობის მისაღწევად.

9.    სათანადო დონეზე უნდა იქნას დაფასებული წარმატებული ქალების მისაბაძი მაგალითების გამოყენების პოზიტიური მნიშვნელობა.

10. არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სპორტული ორგანიზაციების მართვაში ახალგაზრდების, განსაკუთრებით  სპორტსმენების ჩართვას.

11.  ქალებმა უნდა დატოვონ საკუთარი კომფორტის ზონა და იბრძოლონ ხელმძღვანელი პოზიციებისთვის. პოზიტიური ღონისძიებები უნდა გატარდეს არსებული უნდობლობის  ფაქტორის დასაძლევად მათი ხელმძღვანელებად დანიშვნის კუთხით. 

ფორუმის დელეგატები ერთსულოვნად აღიარებენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წამყვან როლსა და ვალდებულებას ევროპის სპორტულ მოძრაობაში ქალთა ლიდერობის გაუმჯობესებისათვის.

1.    დელეგატები თხოვნით მიმართავენ ეოკ-ების აღმასკომს, რათა აუცილებელი რესურსები გამოყოს სათანადო  სტრატეგიის გასატარებლად  გენდერული თანასწორობის შესახებ დეტალური მიზნებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით.

2.    ფორუმის დელეგატები მიმართავენ ეოკ-ების აღმასკომს გაითვალისწინოს ის მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ეოკ-ებს ორივე სქესის კადიდატების  წარდგენაში არჩევნებზე და უზრუნველყოფს გენდერული ბალანსის სამართლიან დაცვას.

3.     მათ მხარი დაუჭირეს ეოკ-ებისა და გენდერული თანასწორობის სპორტის კომისიის მიერ  გატარებულ საქმიანობას და მოუწოდეს ეოკ-ებს 2016 წლის რეკომენდაციების გასატარებლად.

 ფორუმის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ არსებული მდგომარეობის,  ასევე ევროპული ქვეყნებისა და სპორტული ორგანიზაციების მრავალფეროვნების გათვალისწინებით,  გენდერული ბალანსის დანერგვა უნდა გადაიქცეს მათ მთავარ პრიორიტეტად, რათა 2020 წლისთვის მიღწეულ იქნას სპორტის ხელმძღვანელ პოზიციებზე  ქალთა წარმომადგენლების მინიმუმ 30%-მდე გაზრდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამართული ფორუმის გახსნაზე  სიტყვით გამოვიდა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი დალია გლიბაუსკატე. ფორუმის დელეგატებს მიესალმნენ  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  პრეზიდენტი თომას ბახი და  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებები იანეშ კოსიანჩიჩი.

საქართველოდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სეოკ-ის კომისიის - „ქალები და სპორტი" - თავმჯდომარე, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ევროკავშირის კომისიის წევრი რუსუდან აფციაური.