სოკ-ი ეთიკის კოდექსს ამკაცრებს

21 ოქტომბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა გამოაქვეყნა 27-გვერდიანი ეთიკის ახალი კოდექსი, რომელიც არეგულირებს სოკ-ის წევრთა ქცევის წესებს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტისას, საჩუქრის მიღებისა და ოლიმპიური თამაშების ბილთების გამოყენებისას.

ეთიკის ახალ კოდექსში ნათქვამია, რომ სოკ-ის  წევრებს ეკრძალებათ ნებისმიერი ღირებულების საჩუქრის მიღება ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატი ქალაქის წარმდგენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან, რომელიც მოქმედებს კანდიდატი ქალაქის სახელით. ისინი ვალდებული არიან იყვნენ ნეიტრალურები ნებისმიერ სიტუაციაში კანდიდატი ქალაქის არჩევისას. თავის მხრივ, სოკ-ის წევრ ქვეყნებს ოლიმპიურ თამაშებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით  ეკრძალებათ  მიიღონ, მოითხოვონ ან შესთავაზონ ნებისმიერი სახის ფარული ჯილდო, სარგებელი ან მომსახურება.

აკრძალულ საჩუქართა სიაშია ელექტრომოწყობილობები, მათ შორის ტელევიზორები, კომპიუტერები, სმარტფონები, კამერები, პლანშეტები. ასევე _ ბრენდირებული ნივთები და ფუფუნების საგნები (ტანსაცმელი, საათი, ჩანთა, საწერკალამი, ღვინო, სპირტიანი სასმელები და სხვ.), ოქროსა და სხვა ძვირადღირებული ლითონისგან დამზადებული ნივთები, ძვირფასი ქვები, ფული.

 სოკ-ის წევრებისთვის ნებადართულია სიმბოლური ღირებულების საჩუქრების მიღება, მათ შორის  დონორის ემბლემიანი სარეკლამო ნივთების _ მაისურების, ჰალსტუხების, ჩანთების, შარფების და სხვ. გამონაკლისთა რიცხვშია ასევე იაფფასიანი ღვინოები, საკონდიტრო ნაწარმი, ადგილობრივი დელიკატესები, ხელნაკეთი ნივთები, თემატური წიგნები და ფოტოსურათი და ა.შ. 

ყველა სხვა სახის საჩუქარი უნდა გადაეცეს ლოზანის ოლიმპიურ მუზეუმს.

კოდექსში ასევე მკაცრადაა მითითებული, რომ სოკ-ის წევრი ინტერესთა კონფლიქტისგან დაცული უნდა იყოს.

ეთიკის კოდექსი საბოლოო სახეს ნოემბერში ლოზანაში გასამართ სოკ-ის  ეთიკის კომისიის სხდომაზე მიიღებს.

სოკ-ის ყველა ინდივიდუალური  წევრი, ასევე ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია ეთიკის ახალ კოდექსს ხელი მოაწეროს.

სოკ-ის ეთიკის კომისიას 2017 წლის სექტემბრიდან სათავეში უდგას გაეროს ყოფილი გენერელური მდივანი პან გი მუნი.

 სოკ-მა ეთიკის კოდექსის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრაზილიის ეროვნული ოლიპიური კომიტეტის ექს-პრეზიდენტი კარლოს  ნუზმანი რამდენიმე დღის წინ კორუფციული ბრალდებით დააკავეს.