სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პოლიციელებს მოუწოდა უზრუნველყონ ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოება

21 ოქტომბერი 2017

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ  2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პიონჩანგში უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.

პრეზიდენტმა ინმა ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა ეროვნული პოლიციის 72 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, რომელიც სეულის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. მან პოლიციელებს მოუწოდა კვლავაც აქტიურად განახორციელონ კონტრტერორისტული ღონისძიებები თამაშებამდე დარჩენილ პერიოდში, რათა ოლიმპიადის თითოეულმა მონაწილემ  და სპორტის გულშემატკივრებმა თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.

„სამხრეთ კორეა აღიარებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებრივი წესრიგის ქვეყანა მსოფლიოში ბოლო ორი წლის განმავლობაში" -აღნიშნა  მუნ ჩჟე ინმა, - ტურისტები, რომლებიც კორეაში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, სწორედ უსაფრთხოებას ასახელებენ აქ ყოფნის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად.  ჩვენი პოლიციელების ვალია, ოლიმპიადის სტუმრები და ოლიმპიელები დაიცვან ნებისმიერი ტერორისტული ქმედებისგან."

პრეზიდენტმა გაიხსენა სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი ფერხბურთში, მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატი მძლეოსნობაში და სხვა მასშტაბური საერთაშორისო შეჯიბრებები, რომლებსაც წარმატებით უმასპინძლა სამხრეთ კორეამ.

„მე ვთხოვ პოლიციას კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს მსოფლიოს, ამ შემთხვევაში პიონჩანგის მაგალითზე, რომ კორეა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მთელ პლანეტაზე," -  განაცხადა მუნ ჩჟე ინმა.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების საკითხები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მეზობელმა  ჩრდილოეთ კორეამ ზედიზედ გამოსცადა ბირთვული რაკეტები და  საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებს.

პიონჩანგი, სადაც 8-29 თებერვალს ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, მხოლოდ 80 კილომეტრით არის დაშორებული ჩრდილოეთ კორეის საზღვარს.