ANOC-ის სამუშაო ჯგუფი სან დიეგოში

22 ოქტომბერი 2017

სან დიეგოს კვლევითი  ფონდი (SDEF) მალე შეუდგება გლობალური კომერციული პარტნიორების მოძიებას ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშებისათვის, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (ANOC) ეგიდით  2019 წელს სწორედ სან დიეგოში უნდა გაიმართოს.

ვიდრე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ფონდი ANOC-ისგან ელოდება თამაშების მარკენტინგის ექსკლუზიური უფლებამოსილების ოფიციალურად მინიჭებას.

 ANOC-ის სამუშაო ჯგუფმა სან დიეგოში ორდღიანი საინსპექციო ვიზიტისას  დეტალურად შეისწავლა  ადგილზე არსებული ვითარება SDEF-ს მწვანე შუქი აუნთო თანამშრომლობის „შემდგომ ეტაპზე" გადასასვლელად.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განიხილეს თამაშებისთვის მზადების გეგმა, შეჯიბრების პროგრამა (რომელიც ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის), კულტურული ღონისძიებები და ცერემონიალები, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საკითხები, ასევე მოინახულეს ის ადგილები, სადაც შეჯიბრებები უნდა გაიმართოს.

„ადგილობრივმა საორგანიზაციო კომიტეტმა დიდ წარატებას მიაღწია ბაზრის დაინტერესების თვალსაზრისით, _  განაცხადა ANOC-ის გენერალურმა მდივანმა გუნილა ლინდბერგმა, _ ჩვენ გვჯერა, რომ  მათ აქვთ საიმედო გეგმა  და, შესაბამისად, ANOC-ი ს ქვიშის მსოფლიო თამაშები ჩინებული გამოცდილება იქნება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის და მათი სპორტსმენებისთვის."

სან დიეგო ქვიშის მსოფლიო თამაშების მასპინძლად  აირჩიეს 2015 წელს, ვაშინგტონში გამართულ ANOC-ის გენერალურ ასამბლეაზე. თამაშები 2017 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ მოსამზადებელი დროის გახანგრძლივების მიზნით, ორი წლით გადაიდო. ერთ-ერთი პრობლემა სწორედ  მარკეტინგისა და დაფინასების უზრუნველყოფა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა მალე დაიძლევა.

SDEF-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ვინსენტ მადის თქმით, რაკი საინაუგურაციო თამაშების მარკეტინგის ექსკლუზიური უფლება ფონდის ხელში გადადის, SDEF-ი შეძლებს ბაზრის დაინტერესებას და საჭირო სახსრების მოზიდვას.

ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება, სავარაუდოდ _ სპორტის 15 სახეობის 17 დისციპლინაში. თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია დაგეგმილია სტადიონ „პეტკო-პარკზე," რომელიც  40 ათასამდე მაყურებელს იტევს. ამ სტადიონზე თამაშობს ადგილობრივი ბეისბოლის კლუბი „სან დიეგო პადერსი."

 მოსალოდნელია, რომ ქვიშის მსოფლიო თამაშების პროგრამაზე საბოლოო შეთანხმება შედგება ANOC-ის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც ათ დღეში, ნოემბრის დასაწყისში პრაღაში გაიმართება.

ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მიღებენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები.

ქვიშის მსოფლიო თამაშებისთვის მზადების კოორდინაციის მიზნით, სეოკ-ის ინიციატივით, წლეულს  ივლისში შეიქმნა ქვიშის სპორტის სახეობათა ეროვნული ასოციაცია.

"ჩვენ მხარი უნდა ავუბათ ახალ წამოწყებას და აქედანვე შევუდგეთ მზადებას ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშებისთვის, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება. საქართველო ზღვის ქვეყანაა, არაერთი სპორტული ფედერაცია ანვითარებს ქვიშის სახეობებს, გვაქვს სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება, რაც კარგი საფუძველია იმისთვის, რომ უფრო მეტად განვავითაროთ ქვიშის სპორტი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვიშის სპორტის სახეობათა ასოციაციაციის დაფუძნება, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ცალკეული სპორტული ფედერაციების ძალისხმევას, ხელი შეუწყოს მათ საიმისოდ, რომ მოამზადონ ეროვნული ნაკრები გუნდები სხავადასხვა შეჯიბრებებისთვის, უპირველესად კი - მსოფლიოს თამაშებისთვის," - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.